ანტიამერიკული რიტორიკა ოპოზიციაში - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აკრიტიკებს.
ოპოზიციური ალიანსის ლიდერმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ შტატების ადმინისტრაცია დღეს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე არ არის ფოკუსირებული.
აღნიშნულ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას ქართულ ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა აწუხებთ, რადგან დავალება აქვთ რომ თბილისსა და შტატებს შორის არსებულ ტენდენციებს პრობლემები შეუქმნან.
"ამ ხალხს არანაირი პრინციპი არ გააჩნია. დილას იტყვიან ტრამპი კარგია, შუადღისით ამბობენ, რომ არ ვარგა, საღამოს კი - არ ვიცით. მეორე დღეს ისევ შეცვლიან, შეიძლება დილით თქვან - არ ვიცი, შუადღეს - არ ვარგა, საღამოს კი - ვარგა.
მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ამ ყველაფერს, გამომდინარე იქიდან, იმ წუთში, რა სჭირდებათ და რას იტყვიან მათი პატრონები, ამჯერად, როგორც ჩანს, ევრობიუროკრატიიდან, თორემ ამერიკის პრეზიდენტი ხან ვარგა და არ ვარგა, ჯერ ერთი ზურა გირჩი ჯაფარიძე, ვინ არის, რომ ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკა შეაფასოს?! - ასევე, ისიც არის, რომ რადგან ამდენს ბედავს, ეს ნიშნავს, რომ მათი პატრონებისგან აქვს ეს დასტური, რაც იმას ნიშნავს, რომ გასაგებია ევრობიუროკრატიას სერიოზული კრიზისი აქვს შეერთებულ შტატებთან.
ეს მომენტია, როდესაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ რატომ არ ლაგდება ამერიკასთან ურთიერთობა. ახლა რომ ლაგდება ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით, ახლა უკვე შოკში არიან და აღარ მოსწონთ. მაგრამ არა უშავს, მთავარია, რომ საქართველოს და მის უმრავლესობას მოსწონს ეს პოლიტიკა," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.