05 აგვისტო 2026,   05:46
ვრცლად
ნაპოლეონ ბონაპარტის დისშვილიშვილის კვალი სამეგრელოში და ოჯალეშის ისტორია, რომელმაც ერთ დროს საფრანგეთამდეც მიაღწია - ამბავი, რომელმაც ადგილობრივი მეღვინეობა ევროპულ სალონებამდე მიიტანა

სამეგრელოს ერთ პატარა სოფელს სალხინოში ნაპოლეონ ბონაპარტის დისშვილიშვილმა ერთ დროს ყველაფერს თავისი ხელი დაატყო, განსაკუთრებულად კი ოჯალეშის ჯიშის ვაზის კულტურას, კოლხეთის შუაგულში ასე რომ უყვართ და ქართველების ფრანგმა სიძემ, აშილ მიურატმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მთელ საფრანგეთს რომ გააცნო.

მარტვილში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში, სასახლის გვერდით დღემდეა შემორჩენილია ის საუკუნოვანი მარანიც, სადაც დიდგვაროვნები ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდით იწონებდნენ თავს და ოჯალეშის ვაზის ნაჟურს ევროპას აცნობდნენ. ღვინოს ძირითადად ევროპული წესით აყენებდნენ.

სამეგრელოს მთავრების მამულში ძველი კასრები, საწნახელი, ქვევრები, ბოთლები საუკუნისწინანდელ ამბებს აცოცხლებს და დროშიც გვამოგზაურებს. პრინცი აშილი ადგილობრივებთან ერთად თურმე ყოველდღე ფიზიკურად მუშაობდა და ვენახს უვლიდა.

საფრანგეთში გასაგზავნი ღვინის ბოთლის ეტიკეტები დადიანების ზუგდიდის სასახლეშია დაცული. ის საგანგებოდ პარიზში დაბეჭდეს. 1912 წელს საფრანგეთში მოწყობილ საერთაშორისო გამოფენაზე ოჯალეშის ღვინო საუკეთესოდ აღიარეს და ოქროს მედლითაც დააჯილდოვეს. ღვინის დასამზადებელი და შესანახი მარან-სარდაფები დადიანებს მოწყობილი ჰქონდათ სალხინოსა და ჭკადუაშიც.

დამთვალიერებელს დადიანების სასახლის სამუზეუმო კომპლექსის ნიკოსეული სასახლის სარდაფში მუდმივმოქმედი ეთნოგრაფიული გამოფენაც უმასპინძლებს.

სტუმრები გაეცნობიან ისტორიას იმის შესახებ, ერთ დროს სალომე დადიანმა და პრინც აშილ მიურატმა როგორ შესძინეს ოჯალეშს ინდუსტრიული ნიშა, თუ როგორ გახდა ხეზე აშვებული ვაზი მწკრივის ვაზი. გამოფენაზე წარმოადგენენ ქართულ მეღვინეობასთან დაკავშირებულ ჭურჭელსა და საცხოვრისის მაკეტებსაც - ფოტოებს, რომელთა ისტორიებიც სამთავროს დიდგვაროვნების შორეულ წარსულში გამოგზაურებთ.

ვაზი, ღვინო და მარანი ქართული თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ქართველმა კაცმა საუკუნეებით შემოინახა ქვეყანაში, სადაც ღვინის დაყენების 8 000-წლოვანი ტრადიცია დღემდე ცოცხლობს.

დღის ამბები