19 ნოემბერი 2026,   16:05
ვრცლად
რევაზ ნადარაია ზაზა ბიბილაშვილს: ბატონო ზაზა, მარტივად რომ გითხრათ, პროვოკატორობთ, ეს არის სასამართლოსადმი უპატივცემულობა და სასამართლო მიიღებს შესაბამის ზომებს, ეს იცოდეთ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, პროცესის დროს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ზაზა ბიბილაშვილს გაფრთხილება მისცა.

რევაზ ნადარაიამ ბიბილაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ თუ პროვოკატორობას გააგრძელებს, სასამართლო შესაბამის ზომებს მიმართავს.

ნადარაიას განმარტებით, ზაზა ბიბილაშვილი კეკლუცობს და უნდა, საზოგადოებას დაანახოს, რომ საქმის განხილვა პარტიების გაუქმებას ნიშნავს.

"ახლა გაწყვეტინებთ ბატონო ზაზა და გაფრთხილებთ. მე თქვენ მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, სასამართლო არის სასამართლო და კარგად დაიმახსოვრეთ, თქვენ იურისტი ხართ და უნდა იცოდეთ. ბატონო ზაზა, პროვოკატორობთ, მარტივად რომ გითხრათ.

მინდა გითხრათ, როდესაც სასამართლოს წინაშე იურისტი ამბობს, რომ თქვენ აუქმებთ. თქვენ ამბობთ. სასამართლო იხილავს, არაფერს არ აუქმებს. სასამართლოში შემოვიდა სარჩელი, კონკრეტული საფუძვლებით, კონკრეტული მოთხოვნით. რას ითხოვთ სასამართლოსგან, მე რამდენიმე დღის წინ კიდევ მივმართე მხარეს, არ უნდა განიხილოს?

არა, ბატონო ზაზა. კიდევ ერთხელ იტყვით სასამართლოს სხდომის დარბაზში, რომ განხილვა გაუქმებად მიგაჩნიათ და საზოგადოებას, რომ გინდათ დაანახოთ წინასწარ, თითქოს სასამართლო აუქმებს. ეს არის სასამართლოსადმი უპატივცემულობა და სასამართლო მიიღებს შესაბამის ზომებს, ეს იცოდეთ. იმიტომ, რომ საზოგადოებას გინდათ დაანახოთ ახლა. კეკლუცობთ საზოგადოების წინაშე და ამბობთ "აუქმებთ, აუქმებთ, აუქმებთ". არ ვაუქმებთ, ვიხილავთ. შედეგი რა იქნება, დაელოდეთ", - მიმართა რევაზ ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილს.

საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობს. "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე ისაუბრა და მოსამართლეთა პლენუმს გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა და რობაქიძის საქმეებში მსჯავრდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ჩამონათვალი წარუდგინა. მოპასუხე მხარეს დაუსვეს კითხვები, მათ შორის, სტრასბურგში განხილულ საქმეებზე. დარბაზში იყო კამათიც.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს რამდენჯერმე მოუწოდეს, კანონიერ განაჩენებზე დასმულ შეკითხვებზე გაღიზიანების ნაცვლად, წარმოედგინათ კონკრეტული არგუმენტები.

დღის ამბები