07 აგვისტო 2026,   03:20
ვრცლად
საქართველო და აზერბაიჯანი პარტნიორობას აძლიერებენ - რას მოიცავს გრძელვადიანი სტრატეგიული არქიტექტურა, რომელიც რეგიონში სტაბილურობის ახალ მოდელს აყალიბებს

მსოფლიო რუკაზე, სადაც კონფლიქტები ენერგეტიკულ მარშრუტებს ყოველდღიურად ცვლის, საქართველო პრაგმატული პოლიტიკით პოზიციებს იმყარებს. ქვეყანა გეოპოლიტიკურ ტურბულენტობაში არა დაპირისპირების, არამედ დაკავშირებადობის ცენტრად იქცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, ხელი იმ შეთანხმებებს მოეწერა, რომელიც ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო განამტკიცებს - მათ შორის, საქართველოსთვის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ; საერთაშორისო ბაზრებისთვის აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მისაწოდებლად სატრანზიტო დათქმებისა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, თურქეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ.

აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ენერგეტიკის სექტორში მიღწეული შეთანხმებების პაკეტი გაზმომარაგებას მოიცავს - გაზის იმპორტსა და გაზის ტრანზიტს, ასევე ელექტროენერგიის იმპორტსა და ელექტროენერგიის ტრანზიტს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სოციალური გაზმომარაგების საკითხზე შეთანხმებას. სამხრეთკავკასიური გაზსადენის პროექტის ხელშეკრულებების თანახმად, საქართველო აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს იღებს - კონტრაქტი ძალაში 2068 წლამდეა. პროექტის ამოქმედებიდან, 2006 წლიდან, 20 წლის განმავლობაში საქართველო პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს სპეციალურ ფასად ყიდულობს. სწორედ ე.წ. "დამატებითი გაზის" კონტრაქტს ეწურებოდა ვადა 2026 წლის ბოლოს. განახლებული ხელშეკრულება მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის შენარჩუნებას გულისხმობს - სოციალური გაზი სოციალურ ფასად უწყვეტად იქნება უზრუნველყოფილი.

ბაქოში გადაწყდა ისიც, რომ, სამწლიანი პაუზის შემდეგ, ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა განახლდება. ქართული მხარე აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია "სოკართან" ერთად ბაქო-სუფსის ნავთობტერმინალსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას აღადგენს და მილსადენის ოპერირებას უზრუნველყოფს.

საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ევროპასა და აზიას შორის უსაფრთხო, ეფექტიან და პროგნოზირებად დაკავშირებადობას უზრუნველყოფს. ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმება შედგა რკინიგზის სექტორშიც - მალე ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. ახალი მარშრუტი ევროპას აზიასთან, აზერბაიჯანსა და საქართველოს თურქეთთან, თურქეთს კი ჩინეთთან დააკავშირებს. რკინიგზის სრულმასშტაბიანი ოპერირებით, ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება. კიდევ უფრო იზრდება საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საკვანძო როლი შუა დერეფნის ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.

26 მაისიდან, 6-წლიანი პაუზის შემდეგ, აღდგება თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა. დაინტერესება რომ დიდია, ამას მოთხოვნაც მოწმობს - უმოკლეს ვადაში 1000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა. მაღალი მოთხოვნის გამო, სარკინიგზო კომპანიამ ბაქოდან გამსვლელ პირველ მატარებელს ვაგონიც კი დაამატა.

მსოფლიო ენერგეტიკული რუკა იცვლება. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონს საქართველო და აზერბაიჯანი ერთად ქმნიან. ბაქოში მიღწეული შეთანხმებებით, ჩვენი ქვეყანა პოზიციებს აძლიერებს - ქვეყანა, რომელმაც სტაბილურობა და პრაგმატიზმი საკუთარ ძალად აქცია.

დღის ამბები