"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება. დღეს შეხვედრას რუსთავი მასპინძლობს. ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან აქტუალური საკითხები განიხილება.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები - ამ თემებზე მსჯელობა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. იგეგმება ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტები.
ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, კონფერენციების მთავარი მიზანი თანატოლებთან აქტიური კომუნიკაციაა, რათა ახალგაზრდები მეტად იყვნენ ჩართულები ქვეყნის განვითარების პროცესში.
ღონისძიებას დღეს ცოტნე ივანიშვილი დაესწრო. შეხვედრები სულ ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდების აქტიურობა და სახელმწიფოებრივ საკითხებზე მათი ჩართულობა ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი თქმით, შეხვედრაზე ახალგაზრდებმა საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები წამოჭრეს, რაც, ნინო ლაცაბიძის შეფასებით, ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარების მაჩვენებელია.
"დღეს ახალგაზრდებმა დააფიქსირეს სახელმწიფოებრივი ხედვა, ჰქონდათ ძალიან საინტერესო კითხვები, ეს იმის ნიშანია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ზოგადად ახალგაზრდების ჩართულობა, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, ასევე ქვეყნის განვითარებაში, არის უმნიშვნელოვანესი. დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომ გამოწვევების იდენტიფიცირებით, პრობლემებზე საუბრით და ასევე, სამომავლო მნიშვნელოვანი გეგმების დასახვით როგორ უნდა განვავითაროთ ყველამ ჩვენი ქალაქები და სოფლები", - აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.