"კურიერი" დანიიდან - უკვე მეორე დღეა, "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფი კოპენჰაგენში მუშაობს, ზუსტად იქ, სადაც 13 მაისს პოლიციამ ხალხზე იძალადა.
ძალადობა, დემოკრატიის პრინციპებიდან გადახვევა და ხელისუფლების გულგრილობა - ასე აფასებენ, "კურიერთან" საუბარში, მომხდარს დანიის მოქალაქეები. ისინი ამბობენ, რომ ბოლოდროინდელი ტენდენციები, დემოკრატიის პრინციპებიდან გადახვევაა.
ადგილობრივების განცხადებით, დანიაში ხშირად პროტესტი მომიტინგეებზე თავდასხმით სრულდება. ჩრდილოეთ ევროპის ამ ქვეყანაში ძალის გადამეტებისთვის ამ დრომდე ბოდიში არცერთ სამართალდამცველს არ მოუხდია.
"მე მივიჩნევ, რომ ეს საშინელებაა, ყოველ ჯერზე, როცა სოციალურ მედიაში ამ ვიდეოებს ვხედავ გული ძალიან მტკივა. არცერთი ადამიანი არ იმსახურებს, რომ ასე მოექცნენ. ეს ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. ხელისუფლება ასე არ უნდა იქცეოდეს. ჩვენ მთავრობისთვის ძალაუფლება უდანაშაულო ხალხის დასასჯელად არ მიგვიცია. მე ყოველთვის ვამბობ, რომ რასაც ჩვენ ვხედავთ, ერთი რამის გამოხატულებაა, ადამიანებს არ აქვთ აზრის გამოთქმის უფლება. პოლიციამ ძალა გამოიყენა იმისთვის, რომ ადამიანებზე ეძალადა, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არ არის დემოკრატია," - აღნიშნა დანიის ერთ-ერთმა მოქალაქემ.
"ძალიან მძიმეა რაც ვნახეთ. ხალხს აქვს აზრის გამოთქმის უფლება. ის ფაქტი, რომ პოლიცია მშვიდობიან დემონსტრაციას ძალის გამოყენებით ახშობს, დამაზიანებელია დემოკრატიისთვის. მათ შეეძლოთ ხალხი გაეყვანათ ოფისის შესასვლელიდან, ეს სავსებით ნორმალური იქნებოდა, მაგრამ მათთვის დარტყმა, მათი ცემა, ძალადობა - ეს არ არის დემოკრატიული. იმედგამაცრუებელია ის, რომ ხელისუფლებას ამ დრომდე არაფერი უთქვამს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც პოლიტიკოსებს ეშინიათ ადამიანების გვერდით დადგნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მდიდარი კომპანიის ინტერესებს იცავენ," - განაცხადა დანიის ერთ-ერთმა მოქალაქემ.
დუმილის თერთმეტი დღე - ძალადობა ამ დრომდე არ დაუგმია არც დანიის ხელისუფლებას და არც ევროსტრუქტურებს.
ავტორი: ნანა გოგატაძე