ბედნიერი ოჯახის ტრაგედია, სოციალური უსამართლობა, ბედისწერისა და სინამდვილის ჭიდილი. შავ-თეთრი კადრებით და გენიალური მონტაჟით გადმოცემული ეს ამბავი 1924 წელს ივანე პერესტიანმა გადაიღო.
"სამი სიცოცხლე" - ასე ჰქვია ფილმს, სადაც ნატო ვაჩნაძის, მიხეილ გელოვანისა და დიმიტრი ყიფიანის თამაშმა სამსახიობო სკოლის ეპოქალური სურათი შექმნა. სწორედ ამ კინოსურათით დაიწყო რეტროსპექტივა, რომელმაც მაყურებელი ქართული კინოს საწყისებთან დააბრუნა.
"ბოშური სისხლი", "ნათელა", "თეთრი მხედარი - ომის ღმერთი" "მთის კანონი" - ზუსტად ერთი საუკუნის წინ შექმნილი ქართული უხმო კინოს შედევრები მაყურებელს რესტავრირებული სახით დაუბრუნდა. პროგრამაშია "წითელი ეშმაკუნები" - სწრაფი მონტაჟითა და ვესტერნის ელემენტებით გამორჩეული ნამუშევარი იმ დროისთვის სრულიად ახალი სიტყვა იყო ქართულ კინოში.
ეროვნულ კინოცენტრში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კინო მემკვიდრეობაზე ზრუნვაა, შესაბამისად ,რეტროსპექტივას, მაყურებლამდე ფილმების მიტანას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
კინოჩვენებები 24 მაისის ჩათვლით საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიმართება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.