07 აგვისტო 2026,   18:34
ვრცლად
თეოდორე ჭუაძე პატრიაქრს: წმინდა სინოდმა და მთელმა ეკლესიამ გამოგიცხადათ ნდობა და ის დიდი სიყვარული ქართველი ხალხისა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ პატრიარქის გაცილებისას, არ დასრულებულა, არამედ გრძელდება თქვენთან მიმართებაში 

"ვმადლობ უფალს, რომ დღეს მაქვს პატივი, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით მოგილოცოთ ანგელოზის დღე - პირველი ანგელოზის დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტახტზე" - განაცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ.

"დაგვლოცეთ, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!

ვმადლობ უფალს, რომ დღეს მაქვს პატივი, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით მოგილოცოთ ანგელოზის დღე - პირველი ანგელოზის დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტახტზე.

ჩვენ, ყველანი, ეკლესიაში პატრიარქ ილია II-ის დროს მოვედით, მან გვასწავლა ეკლესიური ცხოვრება, მანვე გვაკურთხა სასულიერო პირებად და დიდი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა.

იყო ძალიან რთული გამოწვევები, მაგრამ იყო სიმშვიდე, რადგან ვიცოდით, რომ გვყავს ბრძენი, ღვთივსულიერი საჭეთმპყრობელი, რომელიც მშვიდად და სამართლიანად გადაწყვეტდა ყველა საკითხს. ადამიანი, რომელმაც ათეიზმისაგან დასუსტებული ეკლესია ჩაიბარა და დღეს ვხედავთ, როგორ სიმაღლეზე აიყვანა ის, როგორ გაამრავლა ეკლესია-მონასტრები, სასულიერო პირები, სასულიერო სასწავლებლები, სკოლები.

ეკლესია ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ თითქმის ყველა საჭირბოროტო საკითხში იღებდა მონაწილეობას. პატრიარქისგან გამომავალი სითბო და სიყვარული ყველა ადამიანს ეხებოდა და ათბობდა. სწორედ ამით დაიმსახურა მან უდიდესი სიყვარული ჩვენი ხალხისა.

ძნელია, სიტყვებით გადმოვცე, რასაც ვგრძნობ ახლა და ვგრძნობდით მთელი ამ ურთულესი დღეების განმავლობაში, რომლებიც ჩვენ გავიარეთ. ჩვენ გვქონდა შიში, თუ როგორ შევძლებდით, გაგვეგრძელებინა გზა, რომელზეც უწმინდესმა ილიამ დაგვაყენა. მომავალზე ისევ მან იფიქრა და იზრუნა, მან დაინახა თქვენი გულმოდგინება და სიცოცხლეში გამოგირჩიათ მოსაყდრედ. ამით შეგამზადათ ამ ურთულესი გზისთვის თქვენც და ჩვენი ეკლესიაც.

მე ვიყავი თქვენ გვერდით ამ ცხრა წლის განმავლობაში და ვხედავდი, როგორი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდით თქვენს მოვალეობებს. ზედმიწევნით აღასრულებდით მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევებს და იდექით მტკიცედ, რათა შეგემსუბუქებინათ მისთვის მძიმე ტვირთი.

ჩვენ ვნახეთ, როგორი სიყვარულით და ღირსეულად ჩატარდა ჩვენი პატრიარქის გაცილება თქვენი წინამძღოლობით. როგორ კარგად და სამართლიანად იყო ორგანიზებული ყველა ღონისძიება, რომლებიც საჭირო იყო არჩევნების ჩასატარებლად და შედეგიც სახეზეა:

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა და მთელმა ეკლესიამ გამოგიცხადათ ნდობა და ის დიდი სიყვარული ქართველი ხალხისა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ პატრიარქის გაცილებისას, არ დასრულებულა, არამედ გრძელდება თქვენთან მიმართებაში.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღვთის შეწევნით და ჩვენი თანადგომით, თქვენ შეძლებთ, ღირსეულად გააგრძელოთ ჩვენი დიდი პატრიარქების გზა, გზა, რომელმაც ჩვენ ყველა ღმერთთან უნდა მიგვიყვანოს.

შევთხოვ წმინდა შიო მღვიმელს, რომ თანამავალ გეყოთ თქვენ ამ ურთულეს გზაზე. ამინ!

აქსიოს!" -აღნიშნა მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ.

დღის ამბები