ქართული ოპოზიციის კრახი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აღიარებულია. იმას, რასაც საქართველოში ოპოზიცია სტრატეგიას ეძახის, მათივე მოკავშირეებისთვის, მოჯადოებულ წრეზე სიარული გახდა. "ჰადსონის ინსტიტუტში" საქართველოსთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა - მოსმენას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიორგი კანდელაკი დაესწრო და სპიკერის როლიც მოირგო. თუმცა მასაც და მის თანაგუნდელებსაც დემოკრატიის ეროვნული ფონდის წარმომადგენელმა უთხრა, რომ საქართველოში ოპოზიციას, აქტივისტებსა და ქუჩის პროტესტს რესურსი აღარ აქვს.
ვაშინგტონში გაკეთებულ ამ განცხადებას, თბილისში უპასუხეს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გარე ძალები რეალობას უნდა შეეგუონ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება,მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით მოქმედებს.
საქართველოს ხელისუფლება რომ პრაგმატულ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას ირჩევს ეს "ჰადსონის ინსტიტუტშიც" უკვე აღიარეს. ევროპისა და ევრაზიის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე, შუა დერეფანსა და ამ კონტექსტში, საქართველოს გაზრდილ როლზე ისაუბრა.
გარე აქტორების შეცვლილი რიტორიკა, არ უკვირთ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, ამერიკა-საქართველოს შორის გაუმჯობესებულ ურთიერთობებს ოპოზიციის მხარდამჭერებიც კარგად ხედავენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მსოფლიოში შექმნილი კრიზის ფონზე საქართველოს დაკავშირებადობის როლი უფრო იზრდება.
საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აუცილებლობა და პროტესტი, რომელსაც რესურსი არ აქვს - დისკუსიაზე გამოთქმული პოზიციები არ მოსწონს ქართულ ოპოზიციას, თუმცა აღიარებენ რომ აქციებმა ეფექტი დაკარგა.
"ჰადსონის ინსტიტუტის" დისკუსია, ოპოზიციის მაშველი რგოლები: გიორგი კანდელაკი და კონგრესმენი ჯო უილსონი - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოში, გარე ძალების სცენარი ჩავარდა და ახლა სხვა, ახალ, გეგმაზე გადაწყობას ცდილობენ.
საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები - საქართველო "ჰადსონის ინსტიტუტის" ფოკუსში კიდევ ერთხელ მოექცა. თუმცა ამჯერად, განსხვავებული პოზიციებითა და შეცვლილი რიტორიკით.
ავტორი: იზი ბურნაძე.