პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ორგანიზაცია, International Crisis Group-ის სტატიას ეხმაურება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დასავლეთის მხრიდან ზეწოლამ და იზოლაციის მცდელობამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ არსებული ჩიხიდან გამოსასვლელად ახალი მიდგომებია საჭირო. ბრიუსელმა უნდა აღიაროს, რომ საქართველოში ომის შიში რეალურია და არა გაზვიადებული.
"კრიზისების საერთაშორისო ჯგუფი" ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ცივი მიდგომა საქართველოს ლიდერებისადმი მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის თბილ ურთიერთობებს მეზობელ მთავრობებთან, რომლებსაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ გაცილებით უარესი რეპუტაცია აქვთ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ცრუ ბრალდებების მიუხედავად, ხელისუფლებამ ქვეყნის სუვერენიტეტის, მშვიდობისა და სტაბილური განვითარების დაცვა შეძლო.
იონათამიშვილი საერთაშორისო გამოცემებში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მასალებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიმართლის აღიარება საერთაშორისო აქტორების მხრიდან პოზიტიური ფაქტია.
"ამ საკითხების შესახებ ჩვენი საზოგადოებისთვის სიმართლე უკვე დიდი ხანია ცნობილია. მაგრამ, როდესაც საერთაშორისო, ავტორიტეტული გამოცემები იმეორებენ იმავეს, ეს პოზიტიურად უნდა შეფასდეს ჩვენი მხრიდან. ეს არის ფაქტი, რომ ის ცრუ ბრალდებები, რაც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება, რომელიც სულ წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებთან, მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით და დავიცავით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და სტაბილური განვითარება, ასევე, მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში. რაც უფრო მალე მოხდება ამ ყველაფრის აღიარება სხვადასხვა აქტორების მხრიდან საერთაშორისო ველზე, მით უკეთესი იქნება მათთვის," - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.