09 აგვისტო 2026,   13:46
ვრცლად
სიტყვის თავისუფლება და კანონის საზღვრები - როგორ არეგულირებენ წამყვანი დემოკრატიები სიძულვილის ენას და ცილისწამებას

როგორ არეგულირებენ მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიები სიძულვილის ენას და ცილისწამებას? სად მთავრდება კრიტიკა და სად იწყება სისხლის სამართლის დანაშაული?  ამ საკითხებს სხვადასხვა სახელმწიფო განსხვავებული სამართლებრივი მიდგომებით – პატიმრობით, ფინანსური ჯარიმებით თუ ადმინისტრაციული რეგულაციებით პასუხობს. შესაბამისი იურიდიული მეთოდოლოგია კი ორ ძირითად ტრადიციულ პრაქტიკას – ამერიკულ და ევროპულ მოდელებს ეფუძნება.

იტალიაში სიძულვილის ენას ე.წ. მანჩინოს კანონი არეგულირებს, რომელიც რამდენიმე დანაშაულს აერთიანებს. პატივისა და რეპუტაციის შელახვა ქვეყანაში ცილისწამებად განიმარტება და სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, რაც ერთ წლამდე პატიმრობას ან ფინანსურ ჯარიმას ითვალისწინებს. სასჯელი სამ წლამდე იზრდება, თუ შეურაცხყოფა პრესით, ვებსაიტებით ან სოციალური მედიის საშუალებით ვრცელდება. მკაფიო პრეცედენტია პრემიერ–მინისტრ ჯორჯია მელონისა და ჟურნალისტ რობერტო სავიანოს დავა.

შვეიცარიული მართლმსაჯულება სიძულვილის ენასთან საბრძოლველად სისხლის სამართლის კოდექსის მექანიზმებს იყენებს. კანონი არა მხოლოდ სიძულვილის გაღვივებას, არამედ დისკრიმინაციის ყოველგვარ საჯარო წაქეზებას კრძალავს რასის, რელიგიის თუ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.

დიდი ბრიტანეთის სამეფო პროკურატურა კი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სოციალურ ქსელებში ძალადობისა თუ სიძულვილის გაღვივებას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება. პროკურატურის განმარტებით, სამართლებრივი დევნა პირებს არა მხოლოდ მსგავსი მასალების პირველადად გამოქვეყნების, არამედ მათი გაზიარების გამოც ემუქრებათ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოხატვის ისეთი ფორმები, როგორიცაა კონკრეტული პირის ან ჯგუფის მიმართ მუქარა, შევიწროება, დანაშაულისკენ პირდაპირი წაქეზება ან ძალადობრივი აქტის დაგეგმვა, არ ექცევა კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების კრიტერიუმებში და ფედერალური დანაშაულის სფეროს განეკუთვნება. მკაფიო მაგალითია ფრენკ კარილიოს შემთხვევა, რომელსაც აშშ–ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის მკვლელობისა და ფიზიკური განადგურების კონკრეტული მუქარების გამო ბრალი წაუყენეს.

გამოწვევას საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებების ინიციირებით პასუხობს ლიეტუვის სეიმი. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ამოქმედების საკითხს განიხილავს. პარლამენტში უკვე დაიწყო ხუთი საკანონმდებლო შესწორების განხილვა, რომელთა მიხედვითაც მედია–ინსპექტორის უფლებამოსილება ფართოვდება. ცვლილება სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებს დაავალდებულებს, სახელმწიფო უწყებების მოთხოვნით, საფრთხის შემცველი ინფორმაცია წაშალონ ან მასზე წვდომა დაბლოკონ.

ევროპული ქვეყნების უმეტესობა ფუნდამენტური უფლებების, პიროვნული ღირსებისა და საზოგადოებრივი სტაბილურობის მიზანმიმართულ შელახვას სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს. სოციალურ ქსელებში ჩადენილი ამ ტიპის სამართალდარღვევები კი, ხშირად პატიმრობით ან ჯარიმით ისჯება. პროცესი სპეციალურად შემუშავებული სამართლებრივი აქტების, კანონებისა და ნორმების საშუალებით რეგულირდება.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები