"როდესაც ვხედავ კოპენჰაგენის, ბერლინის, პარიზის კადრებს, შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ევროკავშირის კრიტიკოსებზე ძაღლების მიქსევით, ხელკეტებით გასწორება და მათი ამ ფორმით დაშლა არის მისაღები ქცევა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, კოპენჰაგენში სამართალდამცველების მიერ, საპროტესტო აქციის მონაწილეების ძალადობრივი მეთოდებით დაშლის შესახებ განაცხადა.
პაპუაშვილმა, პარალელები საქართველოსთანაც გაავლო და აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევაში დანიის ელჩი პირველი იქნებოდა, რომელიც ქვეყანას მსგავს ქმედებაზე პასუხს მოსთხოვდა.
"ეს არ არის მომხდარი მხოლოდ დანიაში, იგივე კადრები ვნახეთ ბელგიაში, პარიზში, სხვა დედაქალაქებში, როდესაც პოლიცია ბრუტალური მეთოდებით, ძალადობით შლის კრიტიკოსების სხვადასხვა აქციებს.
თან შლის როგორი მეთოდებით - დანიაში ვიხილეთ ძაღლების მიქსევით და ხელკეტებით ცემით. ასეთი კადრები რომ დაენახა ვინმეს საქართველოში, რომელიმე ასეთი აქციის დროს რომელიმე პოლიციელის მხრიდან, ხომ წარმოგიდგენიათ რა წივილ-კივილი და ლოყების ხოკვა იქნებოდა დანიის ელჩის მხრიდან. ის პირადად გამოირჩევა განცხადებებით, რომლითაც პიედესტალიდან ცხვირაბზუებული გვესაუბრება-ხოლმე ადამიანის უფლებებზე.
როდესაც ვხედავ კოპენჰაგენის, ბერლინის, პარიზის კადრებს, შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ევროკავშირის კრიტიკოსებზე ძაღლები მიქსევით, ხელკეტებით გასწორება და მათი ამ ფორმით დაშლა არის მისაღები ქცევა.
გვაინტერესებს, აგვიხსნან სად ვიმყოფებით, სადაც ძაღლებით და ხელკეტებით დასდევდნენ მათ, ვისაც არ ეთანხმებოდნენ და სხვად მიაჩნდათ?! ეს არ არის ქართული ფასეულობა. შეიძლება, ეს არის რაიმე კოპენჰაგენური ფასეულობა, კი ბატონო, იყო მათი ფასეულობა, მიხედავს ამას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მაგრამ რაიმეზე სიტყვა სტანდარტს ნუ ახსენებენ, როდესაც ძაღლებს უქსევენ ადამიანებს, ამ ქვეყნის ელჩი საქართველოზე პრეტენზიებს ნუ გამოთქვამს. ჯერ მიხედონ იმას, რომ ძაღლები არ მიუქსიონ ადამიანებს, რომლებსაც ისინი არ ეთანხმებიან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.