03 აგვისტო 2026,   19:21
ვრცლად
თქვენთან არის მისი ყოვლად უწმინდესობის პატრიარქ ბართლომეოსის ძმური სიყვარული და ლოცვები - მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელი შიო მესამეს

საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, სიტყვა წარმოთქვეს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის ჩეხეთის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიების მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა. წაიკითხეს იერუსალიმის პატრიარქის, თეოფილოს მესამის სიტყვა.

უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს მიულოცეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა, უსურვეს სიმშვიდე, სიმტკიცე და ქართველი ერის წინამძღოლობა - სიყვარულისა და ერთიანობის გზით.

სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქს სიტყვით მიმართა მსოფლიო საპატრიარქ ბართლომეოსის წარმომადგენელმა, თიატირიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსმა, მაღალყოვლადუსამღვდელესოება ნიკიტამ, რომელმაც ხაზი გაუსვა ორ ეკლესიას შორის არსებულ ისტორიულ ერთობას და სულიერ მემკვიდრეობას, რომელიც ახალმა პატრიარქმა ილია მეორისგან გადაიბარა.

„უწმინდესო და უნეტარესო შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსო, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო - ქრისტე აღდგა! მაქვს პატივი და სიხარული, მოგმართოთ როგორც მისი ყოვლადუწმინდესობის, როგორც მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის წარმომადგენელმა, ამ პირველ საპატრიარქო ლიტურგიასთან დაკავშირებით. ჩვენი დელეგაციის აქ ყოფნა არის ჩვენი თვალსაჩინო ნიშანი იმ საკვირველისა, რომელიც აერთიანებს კონსტანტინოპოლისა და საქართველოს ეკლესიებს, ადასტურებს ჩვენს ერთობასა და სარწმუნოების ერთიანობას, როგორც ერთ, წმინდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიას, რომელიც, მართალია, სხვადასხვა ადგილას იმყოფება და მოღვაწეობს, მაგრამ, ამავე დროს, არის ერთი და განუყოფელი.

თქვენი არჩევა და აღსაყდრება მოხდა მას შემდეგ, რაც მარადისობას შეუერთდა თქვენი საყვარელი სულიერი მამა, უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც - როგორც დიდმა წინასწარმეტყველმა ელიამ, როდესაც ცეცხლოვანი ეტლით ზეცად ამაღლდა, თავისი ხალენი დაუტოვა თავის მოწაფესა და სულიერ შვილს, ელისეს - ასევე მან, განსვენებულმა პატრიარქმა ილია მეორემ, თქვენ გიბოძათ თვისი საპატრიარქო მანტია და კვერთხი, რათა განმწყსოთ სამწყსო, რომელიც ეკლესიამ თქვენს მზრუნველობას მიანდო. როგორც განსვენებული დიდი კათოლიკოსი, თქვენც მოწოდებული ბრძანდებით, იქადაგოთ ჭეშმარიტება თქვენდამი რწმუნებული სამწყსოს მიმართ, თქვენს გულზე ამოტვიფრული ხალხის მიმართ. როგორც ილია მეორე ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობდა, თქვენც უნდა აღაშენოთ და განავითაროთ მტკიცე კავშირები და ურთიერთობები ამ ღირსეული ქვეყნის ხალხთან, რადგან საქართველოსაც და მთელ მსოფლიოსაც სჭირდება წინამძღოლები, რომლებიც მორწმუნეებს ზეციური სამეფოსკენ უწინამძღვრებენ.

როგორც თავად უწყით, თქვენო უწმინდესობავ, ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე სამყაროში - სამყაროში, რომელიც დაყოფილია, სავსეა კონფლიქტებით, ომებითა და დაბნეულობით. თუმცა ჩვენ, ვინც ღმერთს ვემსახურებით, მოწოდებულნი ვართ ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი, განსაკუთრებით ამ მღელვარე დროში, რადგან ჩვენ ვქადაგებთ სიყვარულის გზას, როგორც ამას ხალხთა მოციქული, წმინდა პავლე გვასწავლის: „ესწრაფეთ სიყვარულს... ღმერთი არ არის შფოთისა, არამედ მშვიდობისა“.

ამ სულისკვეთებით ვიცით, რომ სიტყვები, რომელთაც ბარუქის წიგნში ვკითხულობთ და რომლებიც შეიცავს დამოძღვრას, შეუძლია განაგრძოს მრავალმა ადამიანმა: „ისწავლე, სად არის სიბრძნე, სად არის ძალა, სად არის შეგნება, რათა ამასთან ერთად შეიცნო, შეიგრძნო, სად არის დღეგრძელობა და სიცოცხლე, სად არის სინათლე თვალთა და მშვიდობა“. ეს სიბრძნე, რომელსაც ჩვენ ვეძიებთ, არ არის ამასოფლის სიბრძნე, არამედ სულიერი სიბრძნეა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ ღვთისგან და რომლისკენაც ვესწრაფვით. ეს სიბრძნე არის ღვთის მიერ მონიჭებული და მას, ვისაც ხელი აღპყრობილი აქვს ლოცვითა და ვედრებით ღვთის მიმართ, ღმერთი პასუხობს სიყვარულით, გარდამოავლენს თავის მადლს და მის გულს აღავსებს ჭეშმარიტებით, თავმდაბლობითა და სიყვარულით“, - მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, თიატირიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსი, მაღალყოვლადუსამღვდელესოება ნიკიტა.

დღის ამბები