ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობას დეპუტატები შეუერთდნენ. საკანონმდებლო ორგანოს წევრები მოქალაქეებთან და სასულიერო პირებთან ერთად რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრნენ. მმართველი გუნდის წევრები 17-ი მაისის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
მსვლელობაზე ოჯახთან ერთად იმყოფება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია.
"ნამდვილად ისტორიული დღეა, ვულოცავ სრულიად საქართველოს და დღეს ეს ზღვა ხალხი, რომელიც გამოვიდა სიყვარულით, გამოვიდა ერთობით, კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ ქვეყანას და მთელ მსოფლიოს, თუ სად დგას საქართველო, რა ფასეულობების გვერდში დგას და რას ნიშნავს ჩვენ ქვეყნისთვის სარწმუნოება, ოჯახი და ჩვენი იდენტობა, ჩვენი ტრადიცია და ჩვენი ისტორია.
როგორც ჩვენი სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე იტყოდა, სიყვარულით ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა და სიყვარულით განვაგრძოთ ღირსეულად წინსვლა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,“ - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.