05 აგვისტო 2026,   11:41
ვრცლად
გახსოვთ, საპროტესტო აქციებზე როგორ ძალადობდნენ მომიტინგეები პოლიციელებზე? მაშინ დანიის ხელისუფლება აკრიტიკებდა საქართველოს, დღეს კი გაცილებით უარესს აკეთებენ თავიანთ ქვეყანაში - ირაკლი ჭეიშვილი

ავლენს თუ არა კოპენჰაგენი ორმაგ სტანდარტს, როცა დანია აკრიტიკებს ქართულ დემოკრატიას და ქართველ სამართალდამცავებს, საკუთარ ქვეყანაში კი მომიტინგეებს სასტიკად უსწორდება, აკავებს და გამოხატვის თავისუფლებას უკრძალავს?! ჩვენს შეკითხვაზე პასუხს დანიის საელჩოსგან ამ დრომდე ველოდებით.

13 მაისს დანიის პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენა, 20-მდე მოქალაქე დააკავა, ათეულობით კი დაშავდა. ადგილობრივი მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, ხელკეტებითა და გაწვრთნილი ძაღლებით, როგორ გაუსწორდა პოლიცია აქტივისტებს, მათ შორის, პრესის წარმომადგენლებს. ამ დროს, დემონსტრანტები დანიის ხელისუფლების მხრიდან, ისრაელისთვის იარაღის გადაზიდვაში დახმარებას აპროტესტებდნენ.

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ჭეიშვილი.

"გახსოვთ, საპროტესტო აქციებზე თუ როგორ ძალადობდნენ მომიტინგეები თავიდანვე პოლიციელებზე? როგორ ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, თუ როგორ უტევდნენ ადმინისტრაციულ შენობებს - მაგალითად, პარლამენტის შენობას, ან პრეზიდენტის სასახლეს 4 ოქტომბერს? ამ დროს, გამოდიოდა დანიის ხელისუფლება, აკრიტიკებდა და დემოკრატიას უწუნებდა საქართველოს. დღეს, გაცილებით უარესს აკეთებენ თვითონ თავიანთ ქვეყანაში - სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც დანიის ხელისუფლება აკეთებს წლების განმავლობაში, საქართველოსთან მიმართებაში," - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები