1700 წელი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან და ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დააარსა - 17 მაისს, ქართველი ხალხი მსვლელობით ქაშუეთიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართება. ადგილზე მისულ მრევლს პატრიარქი შიო მესამე დალოცავს.
მსვლელობაში ჩაერთვებიან საკვირაო სკოლები როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. ეს არის პირველი 17 მაისი, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღის დამფუძნებლის, ილიას მეორის გარეშე ჩატარდება.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, წირვაზე მოწვეულნი არიან მაღალი რანგის სასულიერო პირები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
"სამების საკათედრო ტაძარში იმართება დიდი წირვა. ეს არის პირველი საპატრიარქო წირვა პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალების შემდგომ. წირვაზე მოწვეულნი არიან მსოფლიოს ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციები, მაღალი რანგის სასულიერო პირები. ერთობლივი წირვა შესრულდება და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, მთელი ღირსებით და ხაზგასმით აღინიშნება ის, რომ სრულიად საქართველოსთვის ქრისტიანული ცნობიერება არის უმთავრესი და მთელი ჩვენი ერისთვის ოჯახის სიწმინდის დაცვა არის უმნიშვნელოვანესი. ამ დამოკიდებულებაში მთელი ქართველი ერი არის ერთსულოვანი," - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.