04 აგვისტო 2026,   18:15
ვრცლად
პოლიტიკური უპრინციპობა თუ გადარჩენის მცდელობა - ე.წ. ოპოზიციურ ცხრიანში ნიკა გვარამია "ლელოს" და გახარიას ეპატიჟება, თუმცა თანაგუნდელები აღნიშნულ ინიციატივას ემიჯნებიან

პოლიტიკური უპრინციპობა თუ გადარჩენის მცდელობა? - ალიანსში, სადაც ერთობა და პარტიების შენარჩუნება შექმნისთანავე გამოწვევად იქცა, გაფართოებაზე ალაპარაკდნენ.

ე.წ. ოპოზიციურ ცხრიანში ნიკა გვარამია "ლელოს" და გახარიას ეპატიჟება. "ახალის" ლიდერს ოპოზიციის შიდატურბულენტობის დაძლევა, მათგან გამიჯნულ პარტიებთან გაერთიანების ხარჯზე წარმოუდგენია. იდეა, როგორც ჩანს, სპონტანური არ ყოფილა, თუმცა დაპირისპირების მორიგი მიზეზი ნამდვილად გახდა.

ცარიელ კვადრატში გახარიას ადგილს ვერ ხედავენ სხვები, მათ შორის, ვერც თავად გვარამიას პარტიის წევრები, რომ აღარაფერი ვთქვათ ალიანსში ფორმალურად დარჩენილ "ნაციონალურ მოძრაობაზე".

თანაგუნდელები გვარამიას ინიციატივას გაემიჯნენ. იდეის განხილვაზე საკუთარ ლიდერს კატეგორიული უარი მედიის საშუალებით უთხრეს. ურჩიეს - კარგად გაარკვიოს, ქვეყნიდან გაქცეული ექსპრემიერის პოლიტიკური ორიენტაცია.

კოლეგებისგანვე უარყოფილი ინიციატივის წინაშე აღმოჩენილმა გვარამიამ, საკუთარ გუნდს ფეისბუქ გვერდიდან უპასუხა და ოპოზიციას არათანმიმდევრულობაზე მიუთითა.

ყველა კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობაა" - აცხადებს მმართველი პარტია, რომელიც ოპონენტების უპრინციპობაზე საუბრობს. სახელისუფლებო გუნდში არ უკვირთ, რომ ოპოზიციის შიგნით დაპირისპირება ეტაპობრივად, სხვადასხვა მიზეზით მწვავდება.

თავად გახარიას პარტიამ დღეს დანარჩენებისგან გამიჯვნა სცადა, ისევე როგორც "ლელომ". ალიანსის შიგნით გამოწვეული მწვავე რეაქციის ფონზე მკაფიოდ თქვეს, რომ გვარამიას გაერთიანებას პოტენციურ პარტნიორად თავადაც არ განიხილავენ.

საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, დამოუკიდებელი დღის წესრიგი არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს, მათ შორის, არც პარლამენტში შესულ გახარიას გუნდს. საპარლამენტო ჯგუფებში ამბობენ, რომ ერთი შეხედვით დაპირისპირებული პარტიები სწორედ მაშინ ერთიანდებიან, როცა საქმე ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას ეხება.

ალიანსის შიგნით გვარამიას ინიციატივა ძირითადად გახარიას ფაქტორის გამო დაიწუნეს, თუმცა როგორც ჩანს, არანაკლები წინააღმდეგობა არსებობს "ლელოს" ლიდერთან დაკავშირებითაც. თამარ ჩერგოლეიშვილი საჯაროდ წერს, რომ მამუკა ხაზარაძე საკუთარი რესურსით, ოპოზიციური ალიანსის დამარცხებას ცდილობს.

დღის ამბები