27 ნოემბერი 2026,   13:39
ვრცლად
"თუ მათ ნარატივს არ ემსახურები, გაქვს განსხვავებული აზრი - მტრად ცხადდები, პირდაპირ დევნას იწყებენ", - თენგიზ შარმანაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებაზე

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა მოლდოვის გადაწყვეტილებას, რომელმაც სამ ქართულ არხს აკრედიტაციაზე უარი უთხრა.

თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნის ნაწილია.

"ოფიციალურად განაცხადეს, რომ რაღაც ადმინისტრაციული გადაცდომა ჰქონდა ჟურნალისტს - იმ დროს მივიდა, როდესაც არ უნდა მისულიყო, შეუთანხმებლად მივიდა და ა.შ. ვინმე გულუბრყვილოს შეიძლება ჰგონებოდა, რომ ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ მერე გამოვიდა ერთ-ერთი ევროპარლამენტარი პოლონეთიდან და მან თქვა, - ხომ ხედავთ, რა გავაკეთეთ, ჯერ სად ხართ, მომავალში კიდევ რას გავაკეთებთო ამ პრესის მიმართ. ანუ, აღიარა, რომ ეს პოლიტიკური დევნის ნაწილი იყო და არა რაღაც ადმინისტრაციული გადაცდომა. თავიანთ ნამოქმედარსაც კი არ ნიღბავენ - პირდაპირ გვეუბნებიან.

ხმამაღლა ლაპარაკობენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, მაგრამ ეს გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს იმ ჩარჩოებში, როგორც თვითონ წარმოუდგენიათ, როდესაც მათ ნარატივს ემსახურები. თუ მათ ნარატივს არ ემსახურები - გაქვს განსხვავებული ან კრიტიკული აზრი, ან თუნდაც ეჭვის თვალით შეხედავ რომელიმე ნაბიჯს, ეგრევე მტრად ცხადდები, შეიძლება პრორუსად გამოგაცხადონ და პირდაპირ დევნას იწყებენ. პირდაპირ დევნა დაუწყეს ტელევიზიებს," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

დღის ამბები