ნიკა გვარამიას აზრით, რაც უფრო ძლიერდება და მდიდრდება საზოგადოება, მით უფრო კრიტიკული და რთულად სამართავი ხდება ის. ერთ-ერთ პოდკასტში საუბრის დროს, პარტია "ახლების" ლიდერმა ისიც თქვა, რომ ადამიანების ეკონომიკური გაძლიერება პოლიტიკური ძალებისთვის არასასურველ გარემოს ქმნის.
ნიკა გვარამიას განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის უკმაყოფილებას ზრდის, რადგან აძლიერებს ადამიანებს და უფრო კრიტიკულს ხდის მათ. გვარამიას ეს მოსაზრება მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია, თუ რა მიზანი ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას" მმართველობის პერიოდში.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ქვეყნის საკეთილდღეოდ დგამს ნაბიჯს და არა პიარისთვის.
"ის, როგორც პოლიტიკოსი, იმაზე კი არ ფიქრობს და ის, როგორც ხელისუფალი, იმაზე კი არ ფიქრობდა, როგორ გადაედგა კიდევ ერთი დადებითი ნაბიჯი, საქართველოს ეკონომიკური ან პოლიტიკური გაძლიერებისთვის, ისინი ფიქრობდნენ, რამდენად აწყობდათ ეს პიარულად, რამდენად აწყობდათ ესა თუ ის ნაბიჯი არჩევნებამდე, ხალხის მისამხრობად. ხალხი ძალიან კარგად ხვდება, როდესაც ნაბიჯს დგამ, ამას შენი პოლიტიკური მიზნებისთვის აკეთებ, თუ მათ საკეთილდღეოდ.
კარგია, რომ ხმამაღლა ამბობენ, რომ ყველა ნაბიჯს უყურებენ, რევოლუციის მოსახდენად, ეს კარგია თუ ცუდია. ჩვენ ასე არ ვმუშაობთ, ჩვენ ვფიქრობთ საქართველოს წინსვლისთვის კარგია თუ ცუდია, ეკონომიკური ზრდისთვის კარგია თუ ცუდია და ა.შ
კორუფციასთან ბრძოლა რომ დავიწყეთ, ვერ ვაცნობიერებდით თქვენი აზრით, რომ ამხელა თანამდებობის პირები რომ დააკავეს, ამას ჩვენს საწინააღმდეგოდ შემოატრიალებდნენ, გავუწიეთ ამას ანგარიში? - რა თქმა უნდა, არა, რადგან კორუფცია ქვეყნის მომავალს აზიანებს და მიუხედავად იმისა, რომ პიარულად ეს ჩვენ დაგვაზიანებდა და რეიტინგსაც დაგვაკლებდა, ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით და მომავალშიც ასე მოვიქცევით,"- აცხადებს შარმანაშვილი.