08 აგვისტო 2026,   06:45
ვრცლად
ცდილობენ მაქსიმალურად შეზღუდონ ალტერნატიული, თავისუფალი ხმა და თავისუფალ მედიებს შეუზღუდონ შესაძლებლობა საქმიანობა აწარმოონ შეზღუდვების გარეშე - ლევან მახაშვილი "რუსთავი 2"-სთვის აკრედიტაციის უარზე

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი გამოეხმაურა საკითხს, რომლის მიხედვითაც, "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს უარი ეთქვა აკრედიტაციაზე, 14-15 მაისს მოლდოვაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს.

მახაშვილის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილება მოლდოვისგან მოულოდნელი არ არის, რადგან ქვეყანაში მედიასივრცე მაქსიმალურად შეზღუდულია.

"ერთის მხრივ, არ იყო ეს მოულოდნელი, რადგან საზოგადოებამაც კარგად იცის, რა მდგომარეობაა მედიაგარემოს თვალსაზრისით მოლდოვაში. პრაქტიკულად აღარ დარჩა დამოუკიდებელი მედია დღეს მოლდოვაში. მედია სივრცე მაქსიმალურად ჩაკეტილია და დასულია ერთ-ორ არხამდე, რომელიც პირდაპირ აწარმოებს სამთავრობო პროპაგანდას.

მეორეს მხრივ, ეს არის გაგრძელება იმ ძალისხმევისა, რომელსაც საზოგადოება უკვე რამდენიმე თვეა ხედავს, თუ როგორ ცდილობენ არაფორმალური გავლენები, თავიანთი საცეცები სადაც მიუწვდებათ, მაქსიმალურად შეზღუდონ ალტერნატიული, თავისუფალი ხმა და თავისუფალ მედიებს შეუზღუდონ შესაძლებლობა თავიანთი საქმიანობა აწარმოონ თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანიისთვის გამოგზავნილ წერილში ეროვნული კანონმდებლობა და უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციები დაასახელა.

არაერთი მიმართვის მიუხედავად კიშინიოვი არ განმარტავს თუ რა კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს "რუსთავი 2", რომელსაც ბევრ ქვეყანაში, მათ შორის მოლდოვაში არაერთი საერთაშორისო ღონისძიება გაუშუქებია. აკრედიტაციაზე უარი ეთქვა იმედსა და პოსტივისაც.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები