08 აგვისტო 2026,   04:10
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: კვლევა, ემპირიული ანალიზი, ფაქტები, აღარ არის ბრიუსელის ინტერესი - იციან, რომ რასა იუკნევიჩიანე რასაც იტყვის, ის არის სიმართლე

ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც, სამართლის უზენაესობის მედეგობით, საქართველო ევროკავშირის ნიშნულს უახლოვდება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დღეს ბრიუსელისთვის აღარ არის საინტერესო, რას იტყვის კვლევა და ფაქტები. მათ საქართველოს მიმართ მხოლოდ ერთი ინტერესი აქვს, როგორ დააზიანონ საქართველოს მეშვეობით რუსეთი.

"ვხედავთ, რომ ბრიუსელს ასეთი რამ არ აინტერესებს, კვლევა, ემპირიული ანალიზი, ფაქტები, აღარ არის ბრიუსელის ინტერესი. იციან, რომ რასა იუკნევიჩიანე რასაც იტყვის, ის არის სიმართლე. ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, ათი არჩევნები მოვიგეთ, მეთერთმეტე, მეთორმეტე და შემდეგსაც მოვიგებთ, იმიტომ რომ ეს არის სიმართლე.
ეს რომ ევროკავშირის ელჩს ვუთხრათ, ხომ არ აინტერესებს. მისთვის ავტორიტეტია რასა იუკნევიჩიანეს პოლიტიკური გეგმები და ამის განხორციელება.

დაივიწყეთ, არ არსებობს არანაირი შანსი იმის, რომ დღევანდელმა ბრიუსელმა გადადგას რაიმე ნაბიჯი ობიექტურ ანალიზზე დაფუძნებით. ეს არის ჩვეულებრივი, ცივად გათვლილი პოლიტიკური გეგმები, რომელშიც ჩვენ ვართ მხოლოდ ინსტრუმენტი. არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვს, მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, როგორ დააზიანონ ჩვენი მეშვეობით რუსეთი. ჩვენ ვართ მხოლოდ იარაღი," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ინსტიტუტმა ახალი ანალიტიკური პროექტის - "რეზილიო-აქსესის" შედეგები წარადგინა. კვლევა ევროკავშირის წევრობის 10 კანდიდატ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და თურქეთში სამართლის უზენაესობის მედეგობას აფასებს. ანგარიშის მიხედვით, საქართველო მონტენეგროსთან ერთად "უმაღლესი შესრულების" ჯგუფში მოხვდა.

ექსპერტების განმარტებით, ეს შედეგი 2014 წლიდან დაგროვილმა პოზიტიურმა დინამიკამ, კორუფციის ეფექტურმა კონტროლმა და კანონების აღსრულების მაჩვენებლებმა განაპირობა, რითაც საქართველო ევროკავშირის საშუალო ნიშნულს უახლოვდება.

 

დღის ამბები