ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ქუვეითის მიერ დაკავებული ოთხი ირანელის გათავისუფლებას მოითხოვს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
"შუღლის დათესვის აშკარა მცდელობის ფარგლებში, ქუვეითი უკანონოდ დაესხა თავს ირანულ ნავს და სპარსეთის ყურეში ჩვენი 4 მოქალაქე დააკავა", - დაწერა არაღჩიმ X-ზე.
"ეს უკანონო ქმედება მოხდა კუნძულთან ახლოს, რომელსაც აშშ იყენებს ირანზე თავდასხმისთვის. ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ვიტოვებთ უფლებას, ვუპასუხოთ", - დასძინა მინისტრმა.
სამშაბათს, ქუვეითის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ დააკავა ოთხი პირი, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) წევრებად მოიხსენიებიან და ქვეყანაში შეღწევას "მტრული ქმედებების განსახორციელებლად" ცდილობდნენ.
ირანმა ნახევრად ოფიციალური Tasnim News Agency-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ოთხივე მათგანი ირანის სანაპირო დაცვისთვის "რუტინულ საზღვაო პატრულირებას ასრულებდა", ქუვეითის წყლებში კი, მხოლოდ "ნავიგაციის სისტემის შეფერხების" გამო შევიდნენ.