ისრაელისა და ლიბანის ოფიციალური პირები ერთმანეთს აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, ხუთშაბათს, ვაშინგტონში შეხვდებიან. ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის ძალადობა მწვავდება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულად ჩაშლის რისკის ქვეშაა.
ლიბანმაც და ისრაელმაც მოლაპარაკებების მოახლოებული რაუნდისთვის დელეგაციებს ოფიციალური პირები დაამატეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ში ლიბანის ელჩის, ნადა ჰამადეჰ მოავადის გარდა, დელეგაციის შემადგენლობაში იქნება ლიბანის სპეციალური წარმომადგენელი და აშშ-ში ყოფილი ელჩი სიმონ კარამი. ისრაელის დელეგაციაში კი შევლენ ისრაელის ელჩი აშშ-ში იეჩიელ ლეიტერი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იოსი დრაზნინი და "უმაღლესი სამხედრო წარმომადგენლები".
აშშ-ის დელეგაციაში კვლავ შევლენ სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი მაიკლ ნიდჰემი, აშშ-ის ელჩი ისრაელში მაიკ ჰაკაბი და აშშ-ის ელჩი ლიბანში მიშელ ისა. ინფორმაციას CNN ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეხვედრას არ დაესწრება, რადგან ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად პეკინში იმყოფება.
ბოლო დღეებში ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის საზღვრისპირა დარტყმები გაგრძელდა.