საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ ვეტერან "დინამოელებს" ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა. მინისტრმა საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა 1981 წლის "თასების მფლობელთა თასზე" თბილისის "დინამოს" გამარჯვების ისტორიულ მნიშვნელობას და ვეტერან "დინამოელებს" ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
"1981 წლის მაისი დღესაც ცოცხლობს თითოეული ქართველი გულშემატკივრის გულში. დიდი მადლობა მინდა ვთქვა ამ ყველაფრისთვის. მადლობა თქვენ, თითოეულ ვეტერანს იმისთვის, რომ შექმენით ისტორია, რომელიც ამდენი წლის განმავლობაშიც ცოცხლობს და თითოეულ ჩვენგანს აძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყნიდან, მაგრამ გამარჯვებული ქვეყნიდან. მადლობა ამ დიდი ამაგისთვის, ამ დიდი გამარჯვებებისთვის, ამ დიდი ისტორიისთვის, რომელიც თქვენ შექმენით, როგორც საქართველოსთვის, ასევე, ფეხბურთის ისტორიისთვის," - განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.