საზეიმო ზარების ხმასა და საეკლესიო გალობის ფონზე, საქართველოს 142-ე კათოლიკოს პატრიარქის ინტრონიზაციის ცერემონიით, ქართული ეკლესიის ხმა მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში გავრცელდა. ისტორიული პროცესის მონაწილე მთელი ერი იყო - დიდი თუ პატარა, ახალგაზრდა, თუ მოხუცი. დაქვრივებულ საპატრიარქო ტახტზე, ახალი წინამძღოლის ასვლა ყველასთვის ამაღელვებელი და ემოციური იყო, განსაკუთრებულად კი, უწმინდესისა და უნეტარესის შიო მესამისთვის.
დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, პატრიარქის აღსაყდრების ცერემონიას, საქართველოს მოქალაქეები პირველად დაესწრნენ. მრევლი ისტორიულ სვეტიცხოველში შეიკრიბა, სადაც დილიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. ინტრონიზაციის ცერემონიას დაესწრო "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარემ, უწმინდესსა და უნეტარესს, აღსაყდრება გუშინ პირადად, დღეს კი საკანონმდებლო ორგანოდან კიდევ ერთხელ მიულოცა.
თანამედროვე საქართველოს ისტორიის ფურცლებზე საზეიმოდ აღბეჭდილი თარიღი, ახალი ეპოქის დასაწყისი მხოლოდ ქართული ეკლესიისთვის არ არის. ზეიმობს, სრულიად მართლმადიდებლური სამყარო, რომლისთვისაც უწმინდეს ილია მეორის ღირსეული მემკვიდრის საპატრიარქო ტახტზე ასვლა მართლმადიდებლური ერთობის გაძლიერების ნიშანია. ისტორიული მოვლენიდან მალევე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, გულთბილი მილოცვა მსოფლიო პატრიარქისგან მიიღო.
უწმინდესი და უნეტარესი, შიო მესამის აღსაყდრებას ვრცელი სტატია მიუძღვნა კათოლიკური ეკლესიის ოფიციალურმა საინფორმაციო პორტალმა. Vatican News-მა დეტალურად აღწერა სვეტიცხოველში გამართული ინტრონიზაციის ცერემონია და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალი პატრიარქის მრავალმხრივ განათლებაზე. იმავე სტატიაში ვატიკანის პორტალი კარდინალ კურტ კოხის მილოცვასაც აქვეყნებს, რომელიც ეკლესიებს შორის ძმური დიალოგის გაღრმავების იმედს გამოთქვამს.
საქართველოს 142-ე პატრიარქს აღსაყდრებას ულოცავენ დიპლომატიური სამსახურები. შიო მესამეს ქვეყნის ერთიანობის სამსახურში- სულიერი მისიის შესრულება მხნეობა და სიბრძნე უსურვეს საფრანგეთის,შვეიცარიის პოლონეთის საელჩოებმა. ახალ ეტაპზე, საქართველოსთან მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცების სურვილს გამოთქვამს იაპონიის საელჩო.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახლად არჩეულ პატრიარქი ბოლო 2 დღეა მილოცვებს იღებს - მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებისგანაც. შიო მესამეს მიულოცა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა. ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი კი მისალოც წერილში საქართველოს ეკლესიის ისტორიულ მნიშვნელობასა და მართლმადიდებელ სამყაროში მის ადგილზე საუბრობს. მილოცვას ავრცელებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი. შიო მესამეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა რუსეთის პატრიარქმა. წერილი გაავრცელა ყოვლად სომეხთა კათოლიკოსმა, რომელიც წერს, რომ უწმინდესი შიოს გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მისი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დასტურია. საქართველოს 142-ე პატრიარქმა მილოცვები მიიღო სერბეთიდან და ალბანეთიდანაც.
შიო მესამის ინტრონიზაციის ცერემონია, ისტორიულ სვეტიცხოველში ჩატარდა - სწორედ იქ, სადაც მისი წინამორბედი კათოლიკოს პატრიარქების აღსაყდრება მოხდა. საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც თითქმის 5 საათს გაგრძელდა, საქართველოს 142-ე პატრიარქს ყველა ის ატრიბუტი გადასცეს, რომელსაც უწმინდესი ილია მეორე თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ატარებდა. ძოწისფერი მანტია, ისტორიული კუნკულბარტყული, მიტრა და ჯვარპანაღიები. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა გუშინ პირველად დალოცა მრევლი და პირველად ავიდა საპატრიარქო ტახტზე, რომელიც მხოლოდ პირველი იერარქისთვისაა განკუთვნილი.