ხარკოვის, პოლტავის, დნიპროს, კრივი რიჰის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და სუმის ოლქები რუსეთის ძალების მასირებული იერიშების სამიზნე გახდა.
თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა - დაიღუპა ათობით ადამიანი, არიან დაშავებულები.
დარტყმების შედეგად, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ქალაქებსა და დასახლებებში სახანძრო-სამაშველო და სამძებრო ოპერაციები მიმდინარეობს.
ამ ფონზე, გამოცემა Financial Times უკრაინისა და რუსეთის მთავრობებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კიევი და მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების აზრს ვეღარ ხედავენ.
სტატიის მიხედვით, ვლადიმერ პუტინი ახლა უკრაინის კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის ხელში ჩაგდებაზეა ფოკუსირებული.
კიევში კი მიიჩნევენ, რომ უკრაინაზე ტრამპის მხრიდან ზეწოლის ბერკეტები შემცირდა, რადგან ქვეყანამ რუსული შეტევის შეჩერება შეძლო და რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებს წარმატებით ანადგურებს.