ხელბორკილებდადებული ირანის მოქალაქე სასამართლოში 15:00 საათზე მიიყვანეს. 2 საათში მოსამართლემ გადაწყვეტილებაც გამოაცხადა. 13 128 აბი "მეთადონის" საქმეზე დაკავებული წინასწარ 2-თვიან პატიმრობაში დატოვეს.
ირანის მოქალაქემ სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა. დაცვის მხარე დაკავებულის გათავისუფლებას 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა. დარბაზიდან გამოსულმა კი სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.
ადვოკატს საუბარი არ სურს, თუმცა ნარკოდანაშაულის საქმის მთავარი მტკიცებულებები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა.
სამალავი, რომელიც პოლიციამ გახსნა, იმ სატვირთოში იყო მოწყობილი, რომელსაც 50 წლის ირანის მოქალაქე მართავდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ტექნიკური მარილის შეფუთვაში იყო დამალული. როგორ გავიდნენ სამართალდამცველები 13 128 აბი "მეთადონის" კვალზე, "კურიერისთვის" ცნობილია.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს. დაიგეგმა საპოლიციო ღონისძიება. სამართალდამცველები სოფელ მეორე ქესალოში მობილიზდნენ, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრავი სატვირთო ავტომობილი შეაჩერეს და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. სამალავის გარდა, "მეთადონი" პოლიციამ მძღოლის პირადი ჩხრეკის დროსაც ამოიღო.
მტკიცებულებები, რომლებიც გამოძიებამ მოიპოვა, ირანის მოქალაქის დანაშაულს ადასტურებს - ეს განცხადება დღეს საქმის პროკურორმა სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ირანის მოქალაქეს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანაში. სამართალდამცველები ახლა იმის დასადგენად მუშაობენ, ჰყავს თუ არა "მეთადონით" დატვირთული სატვირთოს მძღოლს მოკავშირეები.