სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარმა ერის სულიერი მამის აღსაყდრებას ბოლო ნახევარ საუკუნეში უკვე მეორედ უმასპინძლა. შიო მესამის პატრიარქად კურთხევაზე დასასწრებად მრევლმა, სასულიერო და საერო პირებმა შეკრება წირვის დაწყებამდე დაიწყეს.
პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გუნდის ლიდერებთან ერთად ტაძარში დილიდან მივიდა. 10 საათისთვის კი სვეტიცხოველში ისტორიული ცერემონიისთვის ყველა და ყველაფერი მზად იყო. შიო მესამემ საპატრიარქო ატრიბუტიკის გადაცემის და ახალ პატრიარქად კურთხევის შემდეგ მილოცვები ტაძარშივე მიიღო.
ისტორიულ საეკლესიო რიტუალს სამთავრობო გუნდი სრული შემადგენლობით დაესწრო. პრემიერ მინისტრი მცხეთაში ვიცე პრემიერებთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ჩავიდა. სახელისუფლებო გუნდის ლიდერების შეფასებით ერის სულიერი წინამძღოლობა ისტორიულ მისიასთან ერთად, მძიმე პასუხისმგებლობაცაა. ამბობენ, რომ შიო მესამის პიროვნული თვისებები იძლევა საშუალებას ილია მეორის საპატიო მემკვიდრეობა ახლად არჩეულმა პატრიარქმა ღირსეულად გააგრძელოს.
საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შიო მესამის ინტრონიზაცია ისევე როგორც მისი პატრიარქად არჩევა იმ იშვით მოვლენებს შორისაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ მეორდება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით ისტორია გრძელდება და ქვეყანა, რომელიც ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს ღირსეულთა შორის ღირსეული მღვდელმთავრის პატრიარქად კურთხევას ზეიმობს.
საზოგადოების ნაწილისთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებული დატვირთვისაა, რადგან თაობების უმრავლესობისთვის ეს პირველი შემთხვევაა როდესაც თავადაც ისტორიული პროცესის მონაწილეები გახდენენ და პატრიარქის ინტრონიზაციას დაესწრნენ. პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების თქმით, დღეს საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა,
შიო მესამეს რთული მისიის შესრულებაში წარმატებას უსურვებს სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანის თქმით, საზოგადოების გაერთიანების და სულიერი სიმტკიცის გაძლიერებაში პასუხისმგებლობა დიდია, ამ პასუხისმგებლობის შესრულებაში კი ყველას მხრიდან თანადგომა გადამწყვეტი იქნება.
ეპოქალური მოვლენა სწორედ ასე აფასებენ მმართველ გუნდში სვეტიცხოვლის ტაძარში დღეს გამართულ ინტრონიზაციას. რომელიც არა მხოლოდ საზეიმო ლიტურგია, არამედ ისტორიული პროცესი იყო.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის 17 მარტს ეპოქის ერთი ნაწილი დასრულდა, ეპოქის, რომელშიც უწმინდესმა ილია მეორემ 49 წლიანი ისტორია შექმნა, 12 მაისი კი ამ ისტორიის გაგრძელების და ახალი ეტაპის დასაწყისია, რომელიც შიო მესამემ საქართველოს ახლად არჩეული და კურთხეული პატრიარქის რანგში საქართველოს ეკლესია საკუთარი ხელწერით უნდა მართოს.