"თუ საჭიროდ ჩათვლის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შეუძლია, დაიბაროს და შესაბამისი გასაუბრება ჰქონდეს მასთან" - შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ გერმანიის ელჩის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებები მტრულ ხასიათს ატარებს და იმედოვნებს, რომ შესაბამის უწყებებს ამაზე სათანადო რეაგირება ექნებათ.
მისი თქმით, ელჩმა ადრე აღებული ვალდებულება დაარღვია, ხოლო საქართველოში მისი დიპლომატიური მისიის დასრულებას დადებითად აფასებს.
"მე უკვე არანაირი ხალისი არ მაქვს ამ ადამიანის მტრულ თავდასხმებზე რაიმე კომენტარის გაკეთების. თუ საჭიროდ ჩათვლის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შეუძლია დაიბაროს და შესაბამისი გასაუბრება ჰქონდეს მასთან, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ის მისმა სამინისტრომ გაიწვია კონსულტაციებზე ბერლინში, ის დაბრუნდა და დააბრუნეს საქართველოში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმ პირობით, რომ ასეთ თავდასხმებს აღარ ექნებოდა ადგილი. ეს პირობა, სამწუხაროდ, დარღვეულია. როგორც ჩანს, ამ პირობას ვერ იცავს. მე იმედი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნება სათანადო რეაგირება, როდესაც საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ასეთი მტრული თავდასხმებით გამოირჩევა სახელმწიფოსთან მისი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ.
რაც შეეხება ბატონ პეტერს, მე ვთქვი კიდევაც - რამდენიმე კვირაში ის დატოვებს საქართველოს. ჩვენ ვიცით, რომ ის აქედან პირდაპირ გადის პენსიაში, რაც კარგია იმ მხრივ, რომ ის ვეღარ დააზიანებს ვერცერთ სხვა ერს, როგორც ეს, სამწუხაროდ, შეძლო ქართულ-გერმანული ურთიერთობის შემთხვევაში“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.