18 ივნისი 2026,   11:37
ვრცლად
გიდეონ საარი: ევროკავშირმა თვითნებურად და პოლიტიკური მოტივებით გადაწყვიტა სანქციები დაუწესოს ისრაელის მოქალაქეებს და სუბიექტებს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც წევრმა სახელმწიფოებმა ისრაელის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს.

გიდეონ საარის განცხადებით, ისრაელი ამ გადაწყვეტილებას არ ცნობს და მას თვითნებურს უწოდებს. მინისტრის განმარტებით, ევროკავშირმა სანქციები პოლიტიკური ნიშნით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააწესა.

"ისრაელი კატეგორიულად უარყოფს ისრაელის მოქალაქეების და ორგანიზაციების მიმართ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას.

ევროკავშირმა, სრულიად თვითნებურად და პოლიტიკური მოტივებით, გადაწყვიტა სანქციები დაუწესოს ისრაელის მოქალაქეებს და სუბიექტებს მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.

ასევე, აღმაშფოთებელია ის მიუღებელი შედარება, რომელიც ევროკავშირმა ისრაელის მოქალაქეებსა და "ჰამასის" ტერორისტებს შორის გაავლო. სრულად არის დამახინჯებული ეს მორალური გათანაბრება.

ისრაელი იცავდა, იცავს და კვლავაც დაიცავს ებრაელი ხალხის უფლებას, დამკვიდრდეს საკუთარი ისტორიული სამშობლოს გულში. მსოფლიოში არცერთ სხვა ხალხს არ გააჩნია საკუთარ მიწაზე ისეთი დოკუმენტირებული და ლეგიტიმური უფლება, როგორიც ებრაელ ერს ისრაელის მიწაზე. ეს არის მორალური და ისტორიული უფლება, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო სამართლით და ვერცერთი აქტორი მას ებრაელ ხალხს ვერ წაართმევს. სანქციების მეშვეობით პოლიტიკური ნების თავსმოხვევის მცდელობა დაუშვებელია და წარმატებას ვერ მიაღწევს", - წერს გიდეონ საარი X-ზე.

 

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები