07 აგვისტო 2026,   21:12
ვრცლად
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მიტროპოლიტ შიოს პატრიარქად არჩევას ულოცავენ

პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი მიტროპოლიტ შიოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ

"თქვენო უწმინდესობავ,

გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას.

დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო და ამავდროულად საპასუხისმგებლო მისია, რომ უხელმძღვანელოთ ჩვენს დედა ეკლესიას და იყოთ თითოეული მართლმადიდებელი ქართველის, ერის და ბერის სულიერი მამა.

თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა. ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ აგრძელებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გზას, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რთულ და ქარტეხილებით აღსავსე პერიოდში, ჩვენი ხალხი და ქვეყანა ღირსეულად ატარა.

გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას და სულიერ სიმტკიცეს.

ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა და სრულიად საქართველო", - აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების განცხადებაში. 

მღვდელმთავართა ხმების დათვლა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი საჭეთმპყრობელი ჰყავს - გაფართოებულ სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, შიო (მუჯირი) აირჩიეს. უმაღლესი სამღვდელოების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - 22 ხმა; რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) - 9 ხმა; ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) - 7 ხმა. 1 ხმა გაუქმდა.

 

დღის ამბები