03 აგვისტო 2026,   04:00
ვრცლად
ჯაშუშობა უცხო ქვეყნის სასარგებლოდ - რა სქემით მოქმედებდა აგენტი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და როგორია სახელმწიფოს პასუხი

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა პირი, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ იმუშავებს, იქნება ეს მეგობარი თუ არამეგობარი სახელმწიფო - აგენტობით, აგენტი თავის ქვეყანას და სახელმწიფო ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

სამშობლოს წინააღმდეგ საქმიანობის ფაქტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა. საუბარია, გიორგი უძილაურზე, რომელიც ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. უწყებამ გაავრცელა კონკრეტული მტკიცებულებაც. ვიდეო ჩანაწერი, რომელიც დანაშაულის რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს. მათ შორის ამ ვიდეოშია ასახული - როგორ იღებს უძილაური დირექტივებს ინსტრუქტაჟის შესახებ და როგორ გადასცემენ მას თანხას კონვერტით.

ვიდეო-მასალის გავრცელების თხოვნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მამუკა მდინარაძემ მიმართა და განმარტა მიზეზიც, რომ კონკრეტული ძალები საქმის გარშემო ბუნდოვანების შექმნას ცდილობდნენ.

ვიცე-პრემიერმა და სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა საქმის კომპლექსურობაზე და დაადასტურა, რომ დაკავებული პირი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. მამუკა მდინარაძემ აქვე განმარტა, რომ უძილაურის დაკავებამდე იყო კონკრეტული მინიშნებები,_ მანამდე კონტრდაზვერვითი სამუშაოების შედეგად, სუს-მა ყალბი დოკუმენტების საქმეზე ერთი პირი დააკავა. სახელმწიფო მინისტრმა გააჟღერა კონკრეტული გზავნილიც - არცერთი ჯაშუში დაუსჯელი არ დარჩება.

ვიდეომტკიცებულებების გავრცელების შემდეგ ოპოზიციის ნაწილს თემაზე საუბარი არ სურს, ნაწილი კი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

ჯაშუშების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა პრინციპული რომ იქნება, ამას მმართველ გუნდში ამბობენ.

გამოქვეყნებულ მტკიცებულებებზე პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა და განაცხადა, რომ ვიდეო მასალის გასაჯაროების საჭიროება იმ ნარატივებმა შექმნა, რომლითაც კონკრეტული ძალები სიცრუის გავრცელებას ცდილობდნენ.

რამდენიმე დღის წინ "რუსთავი 2-მა" ექსკლუზიურად გაარკვია რომ 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი გიორგი უძილაური იყო. "კურიერის" ინფორმაციით, უძილაური ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. ფარული საგამოძიებო მოქმედებებით გამოვლინდა, რომ უძილაურს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია, ქვეყნის გარეთ გაჰქონდა. სუს-ში აცხადებენ, რომ ჯაშუშების მხილების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურ სამუშაოებს განაგრძობს.

დღის ამბები