05 აგვისტო 2026,   11:50
ვრცლად
ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი პირველი ღონისძიება - კონფერენციის მონაწილეებმა მსოფლიო ღვინის სექტორის მდგომარეობა, არსებული გამოწვევები, საექსპორტო ბაზრების სპეციფიკა და იქ დამკვიდრების გზები განიხილეს

ქვევრში ღვინის დაყენების 8000 წლოვანმა ისტორიამ საქართველო ღვინის სამშობლოდ აქცია. ამიტომაც 8 მაისი კალენდარზე ღვინის ეროვნულ დღედ მოინიშნა და ეს დღე ქვეყანამ პირველად იზეიმა.

ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი პირველი ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სტუმრებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიმართეს. ისაუბრეს საქართველოზე, როგორ ღვინის ცივილიზაციის აკვანზე. იმ საუკუნოვან ტრადიციაზე, რომელიც დღემდე გრძელდება.

სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტები და კვლევები იმის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყანა ვაზის ქვეყანაა. ითქვა ისიც, რომ მომავალ წელს მსოფლიო ღვინისა და ვაზის კონგრესი საქართველოში ჩატარდება. რვაათასწლოვან ტრადიციასა და ღვინის ეროვნული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს მსოფლიო ღვინის სექტორის მდგომარეობა, არსებული გამოწვევები, საექსპორტო ბაზრების სპეციფიკა და იქ დამკვიდრების გზები.

ღვინის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით თბილისის მასშტაბით რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა. გუდიაშვილის მოედანზე 30-ზე მეტმა კომპანიამ წარადგინა ქართული ღვინო. გაიმართა გამოფენა-გაყიდვა.

დღის ბოლოს კი სტუმრები გალა-მიღებაზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შეიკრიბნენ.

ქვევრებში, ხის კასრებსა და ჭიქებში ჩატეული ქართული ღვინის 8000 წლოვანი ტრადიცია უწყვეტად გრძელდება. მთელ მსოფლიოში ქართული სუფრის განუყოფელ ფენომენზე მოთხოვნა სულ უფრო მეტად იზრდება. უნიკალური ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ქართული ღვინო უკვე 70 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი.

დღის ამბები