ფარული ვიდეოჩანაწერი: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი კონსპირაციულ შეხვედრაზე ინსტრუქტაჟს იღებს. თანხმდებიან ფაილების პაროლით ერთმანეთისთვის გადაცემაზე. საუბრობენ ფარულ კოდებსა და მიმოწერებზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ჯაშუშისთვის განკუთვნილი თანხის გადაცემის და ფულის მიღების ხელმოწერით დადასტურების ფაქტიც.
სუს-მა ფარული ვიდეო-მასალა მამუკა მდინარაძის მიმართვიდან რამდენიმე საათში გამოაქვეყნა. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ სუს-ის ერთ-ერთ ბრიფინგზე უკვე ჩანდა პირველი მნიშვნელოვანი მინიშნებაც. კონტრდაზვერვითი სამუშაოების შედეგად სპეცსამსახურმა ყალბი დოკუმენტების საქმეზე ერთი პირი დააკავა.ლაშა მაღრაძემ მაშინ მედიასთან განაცხადა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირების გამოვლენის მიზნით ოპერატიულ ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ვერც ეს და ვერც შემდეგი მინიშნებები სათანადოდ ვერც მაშინ გაიაზრეს როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ერთი მიმართულებით დაკავებულ ჯაშუშს და კიდევ ორ პირს პასუხისმგებლობა დააკისრა. შემდეგ უკვე გაჩნდა კიდევ ერთი მინიშნება, საუბარია ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებულ პირზე
რაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს საზოგადოებას, ნაკლებად რჩება სივრცე სპეკულაციებისთვის - ასე ეხმაურება მმართველი გუნდი სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეო-მასალას. "ქართულ ოცნებაში" გაიხსნეს ჯაშუშობისთვის ბოლო დაკავების ფაქტიც.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დღეს პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებს მიმართა და განაცხადა რომ ქართულ სპეცსამსახურებს სხვა ქვეყნების დაზვერვის სამსახურების გამოვლენა მარტივად შეუძლიათ და აქვთ იმაზე მეტი ინფორმაცია ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.
რამდენიმე დღის წინ, სწორედ "რუსთავი 2-მა" ექსკლუზიურად გაარკვია, რომ 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი გიორგი უძილაური იყო. "კურიერის" ინფორმაციით უძილაური ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. ფარული საგამოძიებო მოქმედებებით გამოვლინდა, რომ უძილაურს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია, ქვეყნის გარეთ გაჰქონდა.სუს-ში აცხადებენ, რომ ჯაშუშების მხილების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურ სამუშაოებს აგრძელებს.