ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი წარმატება - ქართველი ფეხბურთელი პირველია, ვინც უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, პლეიოფში ზედიზედ 7 მატჩში საგოლე მომენტი შექმნა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი, პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალს ზედიზედ მეორედ ითამაშებს.
ბაიერნთან გამართული ორრაუნდიანი დაპირისპირებისას ქართველმა ფეხბურთელმა საუკეთესო შესაძლებლობები გამოავლინა და პირველ შეხვედრაში ნოიერის კარში შესრულებულ დუბლს, საპასუხო მატჩში საგოლე გადაცემა დაუმატა როცა მესამე წუთზე დემბელეს გოლის გატანის საშუალება მისცა 25 წლის კვარაცხელიას ბოლო დროინდელი შედეგები იმის დასტურია, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი ევროპულ ფეხბურთში, ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.
ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე უკვე 10 გოლი და 6 ასისტია, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.
მიმდინარე ტურნირზე ქართველი ვარსკვლავი 16 საგოლე მოქმედებებით კილიანმბაპეს დაეწია და მეორე ადგილზეა. წინ ფინალური დაპირისპირებაა - 30 მაისს უნგრეთის დედაქალაქში კვარაცხელია და Paris Saint-Germain-ი ტიტულის დაცვას, ლონდონელები ისტორიაში ახალი ფურცლის დაწერას შეეცდებიან. მიუნხენში მიღწეული გამარჯვება ფრანგმა გულშემატკივრებმა პარიზის ცენტრში სახალხო ზეიმით აღნიშნეს.
ტრადიციულად, ფანებმა შეკრების ადგილად შანზ-ელიზე დაასახელეს და გამზირისკენ გაემართნენ, თუმცა პოლიციამ, ვანდალიზმის თავიდან აცილების მიზნით, მოედანი გადაკეტა, რასაც მალევე მოჰყვა სამართალდამცავებს და გარკვეულ ჯგუფებს შორის შეტაკებები.
კონკორდზე და ტროკადეროზე შენიღბულმა პირებმა ჯერ პოლიციის მანქანები დაწვეს, შემდეგ კი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ინვენტარი დააზიანეს. საპასუხოდ სამართალდამცავებმა ხელკეტები და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს, დაკავებულია 6 მოქალაქე.
ავტორი: თიკო ლობჯანიძე.