ღვინო, თაფლი, ნატურალური წვენები და მრავალფეროვანი ტკბილეული - ქართული ნაწარმი აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი. ქართული პავილიონის მიმართ ინტერესი დიდია, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დააგემოვნონ პროდუქცია და ქართული ბრენდების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.
საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილ ქართულ პავილიონს აზერბაიჯანის პრეზიდენტიც ეწვია. ილჰამ ალიევს ქართული პროდუქცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა წარუდგინა. ღონისძიებაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.
ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრები გამართა როგორც აზერბაიჯანის, ისე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან. მთავარი განსახილველი საკითხები სოფლის მეურნეობისა და აგრო-სასურსათო სექტორში მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები იყო. აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე აღინიშნა რომ საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტი წელს 19%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 36%-ით.
ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერება იყო მთავარი თემა საქართველოსა და უზბეკეთის დელეგაციების შეხვედრაზეც. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და უზბეკეთის სოფლის მეურნეობის ცოდნისა და ინოვაციების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობას.
ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაშიც, რომელიც თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობას და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა. სიტყვით გამოსვლისას დავით სონღულაშვილმა საქართველოში მიმდინარე 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა.
ავტორი: ირაკლი კოშაძე.