06 აგვისტო 2026,   02:35
ვრცლად
დიდი ოდენობით მეთადონის გასაღების მცდელობა და გადამოწმების მიზნით გაჩერებული მამაკაცი, რომელსაც ჯიბეში 40 შეკვრა "ალფა-პვპ" ედო - ორივე დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

61 წლის მამაკაცი უზნაძის ქუჩაზე პატრულმა გადამოწმების მიზნით გააჩერა. "კურიერის" ინფორმაციით, პოლიციას ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდა, რომ კონკრეტულ პირს ნარკოტიკი ჰქონდა.

ნარკოდანაშაულის ფაქტი დადასტურდა. 61 წლის მამაკაცი 40 შეკვრად, გასაყიდად გამზადებულ "ალფა-პვპს" მალავდა. "კურიერის" ინფორმაციით, ნარკოტიკი მამაკაცს სამალავებში უნდა დაედო.

ნარკოტიკის გაყიდვის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. რუმინეთის მოქალაქეს პატრულმა ხელბორკილები ქუჩაშივე დაადო.

რუმინეთის მოქალაქეს პირადი ჩხრეკისას 10 შეკვრა მეთადონი ამოუღეს. მოგვიანებით სამართალდამცველები სამალავების კვალზეც გავიდნენ, სადაც გასაყიდად დატოვებული მეთადონი იდო. 31 წლის მამაკაცი წეროძის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. დიდი ოდენობით ნარკოტიკი და ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები მის ბინაშიც ინახებოდა.

საქართველოსა და რუმინეთის მოქალაქეები დუმილის უფლებას იყენებენ, სხვა დეტალებზე ადვოკატი საჯაროდ არ საუბრობს.

პოლიცია ნარკოდანაშაულის სქემაში ჩართული სხვა პირების გამოსავლენად და მათ დასაკავებლად ამ დრომდე მუშაობს.

ნარკოტიკების რეალიზაციის აღკვეთის ფაქტებზე დღეს კომენტარი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გააკეთა. ლევან მაისურაძის თქმით, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

პატრულის თანამშრომლების მიერ დაკავებულ ორ პირს ბრალად ედებათ "ალფა-პვპსა" და მეთადონის შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა.

დღის ამბები