საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრებმა რაჭასა და იმერეთში შეხვედრები გამართეს. დეპუტატები საკრებულოებში ამავე ფრაქციის წევრებს და მოქალაქეებს შეხვდნენ.
"იყო ძალიან საინტერესო შეხვედრები. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი პრობლემა, გამოწვევა. ვისაუბრეთ ახალგაზრდობის პრობლემებზე, დემოგრაფიის პრობლემებზე, რეგიონში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და გამოწვევებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შეხვედრებს გავაგრძელებთ და საქართველოს ყველა რეგიონსა თუ მუნიციპალიტეტში ჩავალთ," - აღნიშნა პარტიის "ხალხის ძალა" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.
შეხვედრაზე რეგიონებში არსებული გამოწვევები განიხილეს და სამომავლო გეგმები წარადგინეს.
"შეხვედრები გვქონდა, როგორც მოსახლეობასთან, ჩვენი ფრაქციების წარმომადგენლებთან. ვეცნობოდით ადგილზე არსებულ პრობლემებს. მთლიანობაში ძალიან კმაყოფილები ვართ ამ შეხვედრებით. გამოიკვეთა ძალიან ბევრი პრობლემაც, მაგალითად, ერთ-ერთი პრობლემა იყო ასეთი, რომ მოსახლეობა წუხს იმის გამო, რომ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამები ძირითადად მიმართულია უფრო მსხვილი ფერმერებისა და მდიდარი ადამიანებისთვის, წვრილი გლეხები კი ამით დიდ სარგებელს ვერ იღებენ. ეს არის ის პრობლემა, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება," - განაცხადა პარტიის "ხალხის ძალა" თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრები შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ.