სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს.
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რომელიც ისმოდა ამ გადაწყვეტილებით, რეალურად ყოველგვარი საფუძველი მოესპო.
"მნიშვნელოვანი სიახლეა და მათ შორის, პოლიტიკური სპეკულაციებიც, რომელსაც ვისმენდით ამ ხნის განმავლობაში, თითქოს და მოსალოდნელი ტვირთის შესახებ სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის, ვფიქრობ, ამ სპეკულაციებსაც ამ გადაწყვეტილებით, რეალურად ყოველგვარი საფუძველი მოესპო. ამაზე წარიმართა მუშაობა და რეალურად, ეს მიყვანილია ბოლომდე. შესაბამისად, გადაწყვეტილება მზად არის საიმისოდ, რომ ვთქვათ, რომ ყველა ეს გაზრდილი ხარჯი სახელმწიფოს მხრიდან იქნა აღებული თავის თავზე, იმისთვის, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია. ვგულისხმობ სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
მთავრობის დადგენილებით, ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასზე ნაკლებია, დამატებით 5 თეთრი სუბსიდია გაიცემა. ჯამში, ისინი დახმარების სახით მიიღებენ 2020 წლის დეკემბერსა და 2015 წელის ივლისში არსებულ სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას, დამატებული 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრს. ამ დრომდე ეს მაჩვენებელი 1კვტ-სთ-ზე 3 ნახევარ თეთრს შეადგენდა.