04 აგვისტო 2026,   20:22
ვრცლად
კაია კალასის მორიგი განცხადება - საქართველოს პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ევრობიუროკრატების სუბიექტურ მიდგომებს მალე ობიექტური შეფასებები შეცვლის

პრემიერ-მინისტრის თქმით, უხეში პოლიტიკური ინტერესი ევრობიუროკრატებმა არაერთხელ გამოავლინეს, მაშინ, როცა საქართველოს ომში ჩართვა მოსთხოვეს, რევოლუციის არაერთ მცდელობას დაუჭირეს მხარი და მაშინაც, როცა ხელისუფლებას ხალხის დაკვეთით მიღებული კანონების უკან გაწვევა დაავალეს. ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპელი ლიდერების უსაფუძვლო თავდასხმებს "ქართული ოცნება" პრაგმატული პოლიტიკით უპირისპირდება. პრემიერმა კაია კალასის მორიგ კრიტიკულ განცხადებაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ევრობიუროკრატების სუბიექტურ მიდგომებს მალე ობიექტური შეფასებები შეცვლის.

ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის შანსი ხელიდან არც ამჯერად გაუშვა და ერევანში სამიტის დაწყებამდე თქვა, რომ "ქართული ოცნება" არასწორ ნაბიჯებს დგამს. კაია კალასმა ევროპულ ფულთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ფინანსების გამოყოფა ევროკავშირისთვის შეზღუდულია.

ევროპელი ლიდერების მხრიდან უსამართლო კრიტიკა, უსაფუძვლო ბრალდებები და არაობიექტური რეზოლუციები წარსულშიც ბევრი ახსოვს ქვეყნის პირველ დიპლომატს. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ყველა ის კანონი, მათ შორის გამჭვირვალობის, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო - საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება.

ქართული ოპოზიცია უცხოელი პოლიტიკოსის კრიტიკულ გზავნილს, ტრადიციულად, სრულად იზიარებს. ის, რაც მმართველი გუნდისთვის საქართველოზე უსამართლო თავდასხმაა, ხელისუფლების ოპონენტებისთვის რეკომენდაცია და ფაქტების კონსტანტაციაა.

დემოკრატიული უკუსვლა, ღირებულებითი კრიზისი და ეკონომიკური სტაგნაცია - სწორედ ამ გამოწვევების წინაშე დგას, "ქართული ოცნების" თქმით, ევროკავშირი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ როგორც კი ევრობიუროკრატიის მხრიდან მბრძანებლურ ტონს დიალოგი ჩაანაცვლებს, ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.

კაია კალასის მიერ ერევანში ნათქვამი სიტყვები თბილისში მორიგ თავდასხმად შეაფასეს. მმართველი გუნდისთვის ევრობიუროკრატების უსამართლო მიდგომა ახალი არ არის, რადგან კაია კალასამდე იყო მარტა კოსი, რომელმაც გამჭვირვალობის კანონის ამოქმედების შემდეგ ღიად თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოში ფულის შემოსატანად ალტერნატიულ გზებს ეძებს.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები