30 ნოემბერი 2026,   00:01
ვრცლად
თუ ეს გაგრძელდა, უფრო დამძიმდა და გართულდა, ბუნებრივია ჩვენ შევიკრიბებით და მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს - გიგი წერეთელი ოპოზიციის დაპირისპირებაზე

ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება - მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ნიკა მელიას ვრცელი წერილიდან ვერაფერი გაიგო იმის გარდა, რომ მელიას სააკაშვილი არ მოსწონს. ყოფილ პრეზიდენტსა და "ნაციონალურ მოძრაობას" ალიანსში შემავალი სხვა პარტიები საერთო წესების დაცვისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ სააკაშვილის განცხადებები პროცესს აზიანებს.  

გიგი წერეთელი აცხადებს, რომ მიმდინარე დაძაბულობა, რომელიც მისი შეფასებით ნაწილობრივ ხელოვნურიც შეიძლება იყოს, აზიანებს პროცესს და თუ ის გაგრძელდება, საჭირო გახდება დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება.

მისი თქმით, შესაძლებელია ალიანსში დარჩენა მხოლოდ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც საერთო წესებსა და შეთანხმებებს დაემორჩილებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული წევრები შესაძლოა გარეთ დარჩნენ.

"ნებისმიერი ამგვარი დაძაბულობა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ ხელოვნურობის მომენტიც არის ამაში, რა თქმა უნდა აზიანებს [პროცესს]. თუ ეს გაგრძელდა, უფრო დამძიმდა და გართულდა, ბუნებრივია ჩვენ შევიკრიბებით და მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს.
ან ის სუბიექტები, ვინც ვერ იქნებიან თანხვედრაში წესებთან და ვერ მოექცევიან ამ ურთიერთობის ამ რეგულირების ქვეშ, თავად ალბათ შეეცდებიან, რომ ეს აღარ გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ეს მართლა იქნება დამაზიანებელი, ან ჩვენ მივიღებთ რამე საერთო გადაწყვეტილებას - ან კვლავ შევთანხმდებით - ან ვიღაც ვერ იქნება შეიძლება ამ ალიანსის წევრი", - აცხადებს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგი წერეთელი.

დღის ამბები