07 აგვისტო 2026,   15:29
ვრცლად
ემანუელ მაკრონის ექსკლუზიური კომენტარი "რუსთავი 2-თან" - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ევროპელმა ლიდერებმა მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელოთ

"ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობისა" და ევროკავშირი-სომხეთის სამიტზე დასასწრებად, ერევანში უკვე ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. 

მაკრონთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა "კურიერი P.S.-მა" შეძლო.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა "რუსთავი 2-თან" საუბრისას აღნიშნა, სამიტი ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ევროპელმა ლიდერებმა კონტინენტის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელონ.

"ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ევროპელმა ლიდერებმა ევროპის მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელოთ. უსაფრთხოება ევროპისთვის მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია მომავლის მშენებლობა, რაც ევროპას კიდევ უფრო დემოკრატიულს და ძლიერ გახდის. სამიტზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან და ჩვენ ერთად შევეცდებით იმ გზების გამონახვას, რომელიც ევროპას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის", - განაცხადა მაკრონმა.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას უკვე ეწვია. ერევნის "ზვარტნოცის" საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი დახვდა.

ირაკლი კობახიძე ესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად იმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

 
 
დღის ამბები