"დაკავშირებადობა ევროკავშირისთვის სწორედ უსაფრთხოების კონტექსტში განიხილება, პირველ რიგში. ჩვენ უსაფრთხოებაზე როცა ვსაუბრობთ, არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, სამხედრო თვალსაზრისით უსაფრთხოება, აქ უსაფრთხოებას აქვს ძალიან ფართო მნიშვნელობა. იგულისხმება მათ შორის ენერგეტიკული პროექტები, მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოება და ასე შემდეგ. შუა დერეფანი არის დღეს სწორედ ის ხაზი, დაკავშირებადობის სწორედ ის ჯაჭვი, რომელიც ევროკავშირისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, საქართველო ამ რუკაზე არის, იყო და იქნება და ურთიერთობები, რომელიც ევროკავშირს აქვს გაწყვეტილი, რა თქმა უნდა, ევროკავშირის პასუხისმგებლობაა, ერთის მხრივ, თუ როგორ წარმართავს ამ ურთიერთობებს ერთ- ერთ საკვანძო ქვეყანასთან შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა შეხვედრებზე უნდა მიიწვიოს საქართველო, ისე როგორც იწვევს სხვა ქვეყნებს.
"ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვაკვირდებოდით, თუ როგორ ხდებოდა, ამ შეკრებების და შეხვედრების ორგანიზება. პირველ ეტაპზე, საერთოდ არ იგზავნებოდა მოსაწვევი. ეს რა თქმა უნდა, გახდა დისკუსიის საგანი ბრიუსელში, თუ რამდენად ჰქონდა აზრი ისეთ შეხვედრებს დაკავშირებადობაზე, როდესაც ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა - საქართველო საერთოდ არ არის მოწვეული. იყო რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან პოლიტიკოსების მხრიდან, ევროპარლამენტის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდანაც შეკითხვები ევროკომისიაზე კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით. როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ, თუ რუკას შევხედავთ, მარტივია, რომელი ქვეყანა არის საკვანძო სწორედ ამ თვალსაზრისით და გაჩნდა გარკვეული უხერხულობა ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთგვარი სახის შენარჩუნების გზა იყო ის, რომ უკვე დაბალ დონეზე იყოს მოსაწვევი გამოგზავნილი", - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკური ხასიათის შეხვედრებზე, სადაც დაკავშირებადობაზე მსჯელობენ, საქართველო ვერ იქნება მხოლოდ მსმენელის როლში წარმოდგენილი.
"ჩვენ ძალიან კარგად გავაცნობიერეთ ის, რომ იქ საქართველოს პოზიციის მოსმენას არავინ ელოდა. შენ თუ გინდა საქართველოს პოზიცია მოისმინო, შესაბამისი ადამიანი უნდა იყოს მიწვეული ამ ღონისძიებაზე პოზიციების გასაჟღერებლად. როდესაც პოლიტიკური ხასიათის შეხვედრაა და პოლიტიკოსები ესწრებიან შეხვედრას და საუბრობთ დაკავშირებადობაზე, როგორც პოლიტიკაზე, მხოლოდ მოსმენის რეჟიმში საქართველო ვერ მიიღებდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობას და შესაბამისად ძალიან მყარად ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პოზიცია, რომელიც ნათელია ევროკავშირისთვის. ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, ჩვენ არ შეგვიწყვეტია ევროკავშირთან დიალოგი არცერთ საკითხზე, მათ შორის პრობლემურ საკითხებზე", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის შეხვედრებზე საქართველოს მოწვევის საკითხი ხრშირად ხდება სპეკულაციის თემა.
"ჩვენ არ გვსურს ეს იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, უარყოფითი პოლიტიკური დღის წესრიგის, შანტაჟის ნაწილი ან რაღაც სპეკულაციების. მარტივად არის აქ საქმე. საქართველოს ელჩის ან შედარებით დაბალ დონეზე მოწვევა, არ ემსახურება იმას, რომ იქ ვინმეს აინტერესებს საქართველოს პოზიციის მოსმენა, ამ შემთხვევაში. თუკი ეს აინტერესებთ, მოიწვევენ იმ დონის წარმომადგენელს, რა დონეზეც შეხვედრა იმართება. სწორედ ამას ვგულისხმობ, ეს მოსაწვევები გამოიყენებოდა იმისთვის, რომ საქართველოში სხვადასხვა აქტორების მხრიდან ეს გამხდარიყო სპეკულაციების საგანი. კიდევ ერთხელ, როდესაც დისკუსიაში მონაწილეობენ მინისტრები, როდესაც გიწვევენ მხოლოდ იმისთვის, რომ მოუსმინო სხვა მინისტრების მსჯელობას, ეს არ არის ის ფორმატი, რა ფორმატშიც საქართველო, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა დაკავშირებადობის კონტექსტში უნდა მონაწილეობდეს. თუ ჩვენ სერიოზულად ვსაუბრობთ, არის თუ არა დაკარგული შესაძლებლობა, მე ასე ვიტყოდი, ასეთი ფორმით შეხვედრებზე მოსაწვევით სპეკულირება და ასე შემდეგ, თავად ამ შეხვედრების მნიშვნელობას აკნინებს და თავად ევროკომისიის დამოკიდებულებას აკნინებს სწორედ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ და ალბათ ყველაზე სწორი იქნებოდა, რომ უფრო მეტად სერიოზული დამოკიდებულება ვიხილოთ ამ საკითხების თვალსაზრისით," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.