ოპოზიციის დაუსრულებელი საგა, სადაც ობსესიური მწერლობა დიდი განხეთქილების მიზეზად იქცა, წერილები კი - ხიდჩატეხილობად. სააკაშვილმა კალამი ისევ დაღალა, მისმა ნაწერმა კი ოპოზიცია გაყარა. ოფიციალურად ჯერ არა, თუმცა ფაქტია, რომ ერთობაში მყოფები გეოგრაფიულადაც სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. გზები ასე გაიყო: თუ ერთი ნაწილი რეგიონებში შეხვედრებს დახურულ კარს მიღმა მართავდა, მეორე - საკუთარ ოფისთანვე, ბროშურებს არიგებდა. "ნაციონალური მოძრაობა" დედაქალაქში დარჩა, დარჩენილებს კი თბილისიდან გასულებმა შემოუთვალეს, რომ სააკაშვილის პარტიამ ალიანსიდან თავი გაირიცხა.
სანამ იქნებოდა ეს განცხადება და მოსახლეობასთან კომუნიკაციის დახურული ფორმატი, იყო წერილები რუსთავის ციხიდან. ამჯერად "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს, სხვა ყოფილებიც აჰყვნენ - ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი. რამდენიმეთვიანი დუმილი მელიას ანა წითლიძის ბრალდებამ დაარღვევინა. წითლიძემ გვარამია-მელიას პარტიას წინასაარჩევნოდ მოსყიდულები უწოდა, მელიამ კი მშობლიური პარტია, მისი წევრები, მისი წინამორბედი თავმჯდომარეც და ყველა ერთად - ცილისწამებაში დაადანაშაულა.
მელიას წერილს სააკაშვილის წერილიც წამოეწია, თუმცა ეს ამ კვირაში მისი ერთადერთი შეტყობინება არ ყოფილა. მაგალითად, დაწერა ისიც, რომ მასზე თავდამსხმელ ოპოზიციას პოლიტიკური მომავალი არ აქვს. ამას კი წინ ჩერგოლეიშვილის პოსტი უძღოდა, რომელსაც სააკაშვილის კრიტიკა მანამდეც არც ვერბალურად და არც წერილობით დაუკლია. "ფედერალისტების" ლიდერმა, მსჯავრდებულ და ბრალდებულ სააკაშვილს საკუთარი პარტიით ფრუსტრირებული უწოდა.
ვინ ურევს ალიანსში, ვინ არღვევს წესებს და რატომ რჩება "ნაციონალური მოძრაობა" გაერთიანებაში, მაშინ როცა ამტკიცებენ, რომ "ანტიმიშა" კამპანიას არავის აპატიებენ? ფაქტია, რომ წითელი ხაზები გაკვეთილია, თუმცა ყოფილი "ნაციონალების" გაერთიანებიდან მოქმედები გასვლას საკუთარი ნებით მაინც არ ჩქარობენ.
ყოფნა-არყოფნა საკითხავი ნამდვილად არის. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა "ნაციონალური მოძრაობა" ამტკიცებს, რომ არსად გასულან, გაერთიანების ნაწილი კი, მათ გარიცხულად აცხადებს. თუმცა სანამ 9-იან 8-იანის ბედი გაირკვევა, ამ ამბავს კიდევ ერთი თავი აქვს: ალიანსის შეხვედრები რეგიონებში. დააანონსეს, წავიდნენ და ღია კარიც მიიხურეს. ოპოზიციამ შეხვედრაზე მათთვის არასასურველი მედიაც არ დაუშვა, თუმცა შეხვედრა არც მსგავსი პოლიტიკური გემოვნების ადამიანებით იყო სავსე.
რატომ მართავს ოპოზიცია დახურულ შეხვედრებს? მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები ხალხში თამამად ვერ გავლენ, რადგან საზოგადოებას ალიანსის წევრების მოქმედებები და წარსულში გაკეთებული განცხადებები კარგად ახსოვს.
სტრატეგია, რომელიც ოპოზიციამ "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის" ჟანრს დაამსგავსა, ღიმილის მომგვრელია ალიანსს მიღმა დარჩენილებისთვის. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი და ახლა უკვე დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, ნიკა ობოლაძე აცხადებს, რომ ალიანსი, რომელიც ვერაფერზე თანხმდება, ეს არა რეალური ერთობა, არამედ ერთობის იმიტაციაა.
რესურსის გარეშე დარჩენილი ყველა დროის "ნაციონალების" გაერთიანება - ასე აფასებს ოპონენტების, მორიგ ალიანსს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ერთობას, რომელიც უცხოელი დონორების მითითებებით იმართება პერსპექტივა არ აქვს.
9-წლიანი წარსული, რომელიც უპერსპექტივობამდე მივიდა - მთავრობის მეთაურის განცხადებით, საზოგადოებას "ნაციონალური მოძრაობის" განვლილი გზა კარგად ახსოვს. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, სწორედ ამ წარსულიდან გამომდინარე, ოპოზიციის კონფიგურაციებს ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ ექნება.
ოპოზიციურ ალიანსში ოფიციალურად 9 პარტია ირიცხება. ორთვიან გაერთიანებაში ორი ჩხუბი მოასწრეს, მეორე დაპირისპირება კი ორი კვირაა გრძელდება, თუმცა ერთობას ამჯერად ერთი კაცის წერილები შლის. კრიტიკის ავტორი სააკაშვილია, ადრესატები კი მისი ყოფილი პარტიიდან წარმოქმნილი, სხვა პარტიის წევრები.