08 აგვისტო 2026,   03:44
ვრცლად
საქართველო ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია - ვინ გახდება ქვეყნის 142-ე პატრიარქი?

ახალი ეპოქის დასაწყისი - მეუფეები წმინდა სინოდის სხდომაზე დაქვრივებული საპატრიარქო ტახტის ახალი მემკვიდრის გამოსარჩევად შეიკრიბნენ.

ამ დღის წესრიგით სინოდი ბოლოს ნახევარი საუკუნის წინ ჩატარდა, მაშინ პატრიარქად ილია მეორე გამოარჩიეს.

2026 წლის 28 აპრილს ისტორიული სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყო - დაიწყო ლოცვით 141-ე პატრიარქის სულისთვის, შემდეგ იყო მსჯელობა და ფარული კენჭისყრა.

წმინდა სინოდის შეკრებას 39 მღვდელმთავრიდან 38 დაესწრო. ეპისკოპოსებს მხოლოდ წილკნელ მღვდელმთავარი ზოსიმე აკლდათ. ეკლესიის დებულებით გაწერილ საპატრიარქო კრიტერიუმებს 10 ან 12 მღვდელმთავარი აკმაყოფილებს. გაირკვა, რომ მათგან პატრიარქობის სურვილი 6-მა გამოთქვა. ხმების უმრავლესობით კი, სამი გამოირჩა.

38 იერარქის 20 ხმა პატრიარქ ილია მეორის მოსაყდრე შიოს ერგო, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს.

7-7 ხმა მიიღეს ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა.

კენჭისყრის დაწყებამდე, სინოდმა საპატრიარქო კანდიდატის კრიტერიუმებიც განიხილა - საეკლესიო მართვა-გამგეობის დებულების ის ნაწილი, სადაც პატრიარქის ასაკი 40-დან 70-წლამდეა განსაზღვრული. ისაუბრეს განათლების საკითხზეც, თუმცა ცვლილება დებულებაში არ შეუტანიათ.

მეუფეების ნაწილს სურვილი ჰქონდათ, თუმცა, ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღეს მეუფე ისაია ჭანტურიამ და მეუფე დანიელ დათუაშვილმა. მეუფე ისაიას პოზიცია ცნობილია. მან სინოდს სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე წერილი მისწერა და განმარტა, რომ ათწლეულების განმავლობაში ეპარქიის მართვა და ეკლესიის ერთგული მსახურება ის გამოცდილებაა, რომელიც არანაკლებ ფასეულია, ვიდრე აკადემიური დიპლომი.

28 აპრილის სინოდის სხდომაზე საეკლესიო კრების თარიღი არ დასახელებულა. ითქვა, რომ სამების ტაძარში პატრიარქის არჩევის პროცესს 1500-ზე მეტი დელეგატი დაესწრება, ორგანიზებისთვის კი დროა საჭირო. ეპარქიებიდან, სასულიერო სემინარიებიდან და აკადემიებიდან, საერო თუ სასულიერო პირები კრებაზე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ - სათათბირო ხმის უფლებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც ეპისკოპოსები 3 კანდიდატიდან ერთს პატრიარქად აირჩევენ. გაფართოებულიო კრების თარიღს მოსაყდრე, მეუფე შიო გამოაცხადებს.

არჩევნების წესი ასეთია - პირველივე კენჭისყრაზე გამარჯვებულმა 39 მღვდელმთავრის 20 ხმა უნდა დააგროვოს. სხვა შემთხვევაში, მეორე ტური ჩატარდება უკვე იმ ორ კანდიდატს შორის, ვინც პირველ ტურში მეტ მხარდამჭერს მოიპოვებს.

მეუფე შიო - 57 წლის მიტროპოლიტი, ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი, მთავარეპისკოპოსი, ქორეპისკოპოსი, სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით, უკვე 9 წელია, პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრედ დაასახელა.

გავრცელდა პატრიარქის კარნახით შედგენილი აქამდე უცნობი ჩანაწერი. წერილი მეუფე შიოს მოსაყდრედ გამორჩევის მეორე დღეს, 2017 წლის 24 ნოემბერს დაიწერა.

მეუფე შიოს გარდა, სინოდის მიერ გამორჩეული კანდიდატია 69 წლის მეუფე გრიგოლი, რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ ფოთის ეპისკოპოსად 1996 წელს აკურთხა. 2003 წელს მთავარეპისკოპოსის წოდება მიენიჭა, 2007 წელს, კი მიტროპოლიტის.

კიდევ ერთი კანდიდატი მეუფე იობია, 65 წლის. ის 1992 წელს პატრიარქმა და წმინდა სინოდმა მღვდელმთავრად გამოარჩია. მთავარეპისკოპოსი 1996 წელს გახდა, მიტროპოლიტი კი 2000 წელს. რუისისა და ურბნისის ეპარქიას 1996 წლიდან ხელმძღვანელობს.

ვინ შეირჩევა 142-ე პატრიარქად - საეკლესიო კრებაზე, სამებაში გადაწყდება. ახალ პატრიარქზე, როგორც წესი, ყველა ის ტიტული გადავა, რომელიც ილია მეორეს ჰქონდა.

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ტრადიციულად სვეტიცხოველში, კვირა დღეს მოხდება. აღსაყდრების დროს პატრიარქს კუნკულ-ბარტყული, ჯვარ-პანაღეას, ისტორიულ საპატრიარქო ოქროს მიტრას და კვერთხს გადასცემენ, ატრიბუტიკას, რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ 49 წელი ატარა.

 

ავტორი: ლუკა ჩადუნელი

დღის ამბები