უკრაინის და მოლდოვის მომავალი რომ ევროკავშირში უნდა იყოს, ამას, წესით, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეგონება არც სჭირდება. მითუმეტეს, რომ ეს ქვეყნები ევროპის კონტინენტზე ჯერ კიდევ მაშინ არსებობდნენ, როცა პოლიტიკური გაერთიანება საერთოდ არ იყო შექმნილი... ზუსტად ამას მოიცავს ევროკავშირის ფუძემდებლური ხელშეკრულების 49-ე მუხლიც: წევრობის კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოსთვის. ამასაც რომ თავი დავანებოთ, უკრაინა, ბოლოს და ბოლოს, ამ მიზნის მისაღწევად, საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლით იბრძვის.
ევროპელი ლიდერების აპლოდისმენტები დროთა განმავლობაში მხოლოდ აპლოდისმენტებად დარჩა. უკრაინაში მიმდინარე ომის 4 წლის თავზე კი, სხვადასხვა ქვეყანამ სხვადასხვა სტრატეგიის შემუშავება დაიწყო. მაგალითად: ემანუელ მაკრონმა, ანუ საფრანგეთის პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ კონტინენტურ მეზობელთან, რომელსაც ზოგჯერ მოღრიალე მურა დათვსაც კი ადრიან, გაბუტვის დრო დასრულდა.
შემდეგ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, არცთუ ისე ბევრი მსჯელობის შედეგად, იმ რუსეთს - გუშინ აგრესორს და ოკუპანტს რომ ეძახდა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცივილიზაციაც დაარქვა და გადაწყვიტა, რომ ევროპულ ქვეყანასთან, ასევე ევროპული ქვეყანა, საერთო ენას უნდა პოულობდეს.
მერცი და მაკრონი გამონაკლისები არ არიან, სია და განცხადებები ვრცელია. ეს წინასიტყვაობაც იმისთვისაა საჭირო, რომ ერთ მარტივ დასკვნამდე მივიდეთ - საქმე აქ იმაში ნაკლებადაა, ვინ ვის რას ჰპირდება, რეალურად, საკითხავი ისაა - ვინ როგორ ასრულებს დადებულ პირობას, რადგან ცარიელი სიტყვები, რეალური ქმედებების გარეშე, ხშირად, მსგავს განცხადებებად იქცევა. ფინიშის ხაზთან, რომელიც შეიძლება ფინიში არც კი იყოს, ახალი მოთხოვნა აღმოცენდება - იმ ტერიტორიების დათმობა, რომლის შესანარჩუნებლად და დასაბრუნებლადაც ათიათასობით ადამიანმა სიცოცხლე გაწირა.
უკრაინამ 4 წლის განმავლობაში ისმინა, რომ ის დღეს ან ხვალ გახდებოდა ევროპული გაერთიანების წევრი. ბრიუსელიდან უკრაინელებს არაერთხელ შეახსენეს ტერმინი "ღია კარი", რომლის შესახებაც ბევრს სმენია, მაგრამ რეალურად არავის უნახავს.
ამავე მდგომარეობაში აღმოჩნდა მოლდოვაც. ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წელს მიიღო.
დახმარების რიგში კიშინიოვი დიდხანს იდგა. რამდენიმე წლიანი ფიქრის შემდეგ კი, მაია სანდუმ, რომელიც მოლდაველებს შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებზე განვითარებას და წინსვლას ჰპირდებოდა, განაცხადა, რომ ქვეყანამ შეიძლება საერთოდ აღარ იარსებოს, თუმცა, მოსახლეობამ ევროკავშირში გაიღვიძოს.
აქ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ სანდუ მზადაა, ევროკავშირში ინტეგრაციის სანაცვლოდ, ქვეყნის ისტორიული რეგიონი - არაღიარებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკაც კი დათმოს.
საწყის ეტაპზე უკრაინა და მოლდოვა, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მარტო არ ყოფილან. მეტიც, ასოცირებული ტრიოს ლიდერი მუდამ იყო საქართველო. დაუმსახურებლად თუ დამსახურებულად, ეს სამეული შედგა, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე კიშინიოვს და კიევს, თბილისი ყოველთვის ყველა ასპექტში უსწრებდა. არაერთი მუქარის და ზეწოლის მიუხედავად, დღეს საქართველოს ხელისუფლება თავის სათქმელს მაინც ამბობს - ეროვნული ინტერესებიდან გადახვევა არაფრის ფასად არ მოხდება.
თბილისს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ გახდება ევროკავშირის წევრი, თუმცა არა დათქმებითა და დანაკარგებით - არამედ დანაკარგების აღსადგენად და ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ვინაიდან, ამ მიზანზე ღირებული ქართველი ხალხისთვის არც ბრიუსელი და არც ევროკომისია არაა.
საწყის წერტილში დაბრუნებისას ერთი რამ ცხადდება: დრო გადის, განცხადებები და სიტყვები კი რჩება. ისინი ადასტურებს - მსოფლიოში, სადაც საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი აღარ არსებობს, ყველას თავისი მიზანი აქვს. შესაძლოა, ეს მიზნები ადრეც არსებობდა, უბრალოდ, მაშინ უკეთ ინიღბებოდა.
დასკვნა ერთია: ქარტიები და კონსტიტუციები იწერება, მაგრამ რეალური გეოპოლიტიკური ვაჭრობისას ევროპული ოცნების ფასი გაცილებით მაღალი აღმოჩნდება, ვიდრე ამას აპლოდისმენტების ფონზე გვპირდებოდნენ. თუმცა, მთავარი მაინც ისაა, ვინ რას დათმობს ამ გზაზე და ვინ დარჩება საკუთარი თავის ერთგული - მაშინაც კი, როცა ტერმინ "ღია კარში" - "ღია" მხოლოდ ფორმალობად იქცა და შინაარსი სრულად დაკარგა.