Cbs News-ის ცნობით, "ჰეზბოლამ" და ისრაელის სამხედროებმა, სამხრეთ ლიბანში ახალი ოპერაციების შესახებ განაცხადეს.
ორივე მხარე აღნიშნავს, რომ მათი თავდასხმები, მოწინააღმდეგის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის საპასუხოდ განხორციელდა.
"ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებისა და სამხრეთ ლიბანის სოფლებზე თავდასხმების საპასუხოდ, რამაც ადამიანების სიკვდილი და მშვიდობიანი მოსახლეობის დაჭრა გამოიწვია, ისლამური წინააღმდეგობის მებრძოლებმა, პარასკევს, 2026 წლის 1 მაისს, 13:15 საათზე, ალ-ბაიადაში, დრონით სამხედრო ტექნიკას წარმატებით დაარტყეს", - ნათქვამია "ჰეზბოლას" განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, ავიჩაი ადრაეიმ, ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქეებისადმი მიძღვნილ უახლეს მიმართვაში, სამხრეთით მდებარე სოფლის, ჰაბუშის მაცხოვრებლებს მოსალოდნელი დარტყმების გამო, სახლების დატოვებისკენ მოუწოდა.
"ჰეზბოლას" ტერორისტული დაჯგუფების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გათვალისწინებით, "ცაჰალი" იძულებულია ძალის გამოყენებით იმოქმედოს მის წინააღმდეგ და არ აქვს თქვენთვის ზიანის მიყენების განზრახვა. თქვენი უსაფრთხოებისთვის, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ თქვენი სახლები და სოფლიდან მინიმუმ 1 000 მეტრის დაშორებით, ღია ტერიტორიაზე უნდა გახვიდეთ. ყველა, ვინც "ჰეზბოლას" ელემენტების, მათი ობიექტებისა და იარაღის სიახლოვეს იმყოფება, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს!" - ნათქვამია ადრაეის არაბულენოვან განცხადებაში.
ლიბანის ხელისუფლების ცნობით, ისრაელის ძალებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში სამხრეთ ლიბანში ათობით ქალაქისა და სოფლის ევაკუაციის ბრძანება გასცეს, რის გამოც მილიონზე მეტ ადამიანს საკუთარი სახლის დატოვება მოუწია.