თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე, კურიერებისა და ტაქსის მძღოლების საპროტესტო მსვლელობაა - ისინი სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.
როგორც კურიერები და ტაქსის მძღოლები აღნიშნავენ, მათთვის დასაქმებულ კომპანიებში მომსახურების არსებულ ტარიფზე მუშაობა მიუღებელია. დღესვე, იგივე მოთხოვნებით საპროტესტო აქცია გაიმართა ქუთაისსა და ბათუმშიც.
"ჩვენი პროტესტის აზრი ის არის, რომ ტაქსებშიც და კურიერებშიც მოიკლო ანაზღაურებამ. კომპანიები არაფერში არ გვეხმარებიან. ელემენტარული ფასდაკლება რომ გაგვიკეთონ კურიერების კვების ობიექტებში და ცოტა შეღავათიან ფასებში მივირთვათ, ეგეც არ აქვთ. არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ ჩვენს მიმართ, რადგან გვთვლიან პარტნიორებად. არც შრომითი უფლებები გვაქვს, არ გვისმენენ. ავალთ შეხვედრაზე ოფისში და გვპირდებიან, რომ გამოსწორდება, მაგრამ არაფერი არ სწორდება", - განაცხადა კურიერთა პროფკავშირების თავმჯდომარემ ბექა კობრიაშვილმა.