პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს უსმენენ. მინისტრი ინტერპელაციის ფორმატში ფრაქციამ "საქართველოსთვის" დაიბარა. მისთვის გაგზავნილი 24 შეკითხვიდან პირველი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობას ეთმობა.
დეპუტატები მინისტრისგან განმარტებას ითხოვენ, რატომ ამბობს სახელმწიფო უარს ახალი პრეპარატების დაფინანსებაზე. ასევე კითხვები ეხება ონკოპაციენტების მკურნალობის გამოწვევებს, მედიკამენტების ხარისხსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეფორმასაც.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე აცხადებს, რომ კითხვები აქტუალურ საკითხებს შეეხება.
"მნიშვნელოვანი მოსმენაა. მათ შორის, ხაზი გაესმევა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვები, ონკოპაციენტები, ასევე შშმ ადამიანების მიმართულებით რას აკეთებს სამინისტრო და ა.შ. გვაქვს საკმაოდ მოცულობითი კითხვები, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბატონი მიხეილ სარჯველაძე ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს - იმ პასუხს, რომელიც ნამდვილად აინტერესებს ჩვენს მოსახლეობას. არსებობს ჩვენს ქვეყანაში გარკვეული სახის გამოწვევები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იქაც სათანადო რეაგირება და პასუხები გვექნება," - აცხადებს ლომინაძე.