იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა იუსტიციის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის პარტნიორობის მიმართულებები, პროექტების პროგრესი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მინისტრის მოადგილემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, პროექტ GRAIL-ის მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარებაზე, მიწის ადმინისტრირების სერვისების გაუმჯობესებასა და ციფრული მმართველობის სისტემების შემდგომ გაძლიერებაზე.
მხარეებმა პროექტების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, მიღწეულ პროგრესზე და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარების შესაძლებლობები, მათ შორის მიწის რეფორმისა და სივრცითი მონაცემების სისტემების განვითარების მიმართულებით. საუბარი შეეხო ქართული მოდელების სხვა ქვეყნებში დანერგვის პოტენციალსა და ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
"ჩვენ ვიმყოფებით აქ, მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში, ვაშინგტონში. გვქონდა შეხვედრა პროექტთან - "მდგრადი სოფლის მეურნეობა, ირიგაცია და მიწა" - დაკავშირებით, მის ინოვაციურ შედეგებსა და წარმატებაზე. მართლაც საოცარია იმის ნახვა, თუ რამდენად განვითარდა პროექტი და რამდენად წარმატებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და იუსტიციის სამინისტროს მუშაობა. მათ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიეს მოქალაქეებისთვის ელექტრონული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და ინოვაციური პროდუქტების მთელი სპექტრის განვითარების კუთხით, მათ შორის, გონიერი კონტრაქტის და ახლა უძრავი ქონების ტოკენიზაციის მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ახალი ინოვაციების შედეგებს და, როგორც ყოველთვის, ძალიან გვიხარია, რომ მხარს ვუჭერთ საქმიანობაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და იუსტიციის სამინისტროს," - აცხადებს მსოფლიო ბანკის ექსპერტი მიწის ადმინისტრირების მიმართულებით, ანა კორსი.